საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლაშა შაყულაშვილი

თელ-ავივის უნივერსიტეტის სრული დაფინანსება ქართველ დოქტორანტს - ლაშა შაყულაშვილი თელ-ავივში იდიშურ ენას შეისწავლის

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის მიმართულების დოქტორანტი, ლაშა შაყულაშვილი პირველი ქართველია, რომელიც ისრაელის სახელმწიფოში სწავლას იდიშის მიმართულებით გააგრძელებს. ლაშამ თელ-ავივის უნივერსიტეტის სრული დაფინანსება მოიპოვა, სადაც სწავლის პარალელურად საარქივო მასალებზე იმუშავებს.

“იდიშური ენა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლინგვისტური მახასიათებელი მსოფლიოში მიმობნეული ებრაელების. სანამ მათ ექნებოდათ საკუთარი სახელმწიფო, საუკუნეების განმავლობაში როდესაც ევროპელი ებრაელები (აშკენაზი) ცხოვრობდნენ დევნილობაში - ყოველდღიურ ცხოვრებაში საუბრობდნენ იდიშურ ენაზე, ხოლო სინაგოგაში გამოიყენებოდა ივრითი, რომელიც იყო წმინდა ენა. იდიშური ენა წარმოადგენს რამდენიმე ენის ნაზავს და იდეალურად აღწერს იმ მიგრაციულ პროცესებს, რაც გაიარეს აშკენაზმა ებრაელებმა საუკუნეების განმავლობაში. მასში შედის სიტყვები როგორც ივრითიდან, ისე ძველი არამეულიდან, სლავური ენებიდან და გერმანულიდან“ - განმარტავს ლაშა.

იდიშური ენით ბავშვობიდან დაინტერესდა, რადგან მისი უცხო ენების პედაგოგი თბილისელი აშკენაზი ებრაელია. იხსენებს, რომ ბავშვობაში ხშირად ისმენდა მისგან სადღესაწაულო სიმღერებს იდიშურ ენაზე. ამიტომაც ეს ენა მისთვის დღესასწაულთან, მხიარულებასთან და კარგ მოგონებებთან ასოცირდება. შემდეგში იდიშური ენის შესწავლა უკვე დამოუკიდებლად, სიმღერებითა და მათი თარგმნით დაიწყო. “როდესაც თელ-ავივში გავაგზავნე საბუთები, გამოცდის წინა დღეს მოგვთხოვეს მიგვეწოდებინა სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაციები ჩვენი იდიშის პედაგოგების. მე ძალიან გულრწფელად ჩავწერე, რომ არ მყავს პედაგოგი. თუმცა, როგორც ჩანს, სიმღერებით კარგად ავითვისე იდიშური გამოთქმები და, მიუხედავად იმისა, რომ გრამატიკულ შეცდომებს ვუშვებდი, ჩემი საუბარი მაინც მოეწონათ,”- ამბობს დოქტორანტი.

“თელ-ავივის უნივერსიტეტი ისრაელის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე - სწორედ იდიშური ენის პროგრამაა. სტიპენდიისათვის ძირითადად ევროპელი და ამერიკელი სტუდენტები იბრძოდნენ, რომლებსაც საკუთარ ქვეყნებში ამ ენის შესწავლის დიდი შესაძლებლობა ჰქონდათ”. სწორედ ამიტომ იყო ლაშასთვის სასიხარულო ის ფაქტი, რომ ასეთი კონკურენციის პირობებში შეძლო 6 სტიპენდიატს შორის მოხვედრა. კურსის დასრულების შემდეგ კი, როგორც თავად ამბობს, სიამაყით შეძლებს შესაბამის გრაფაში მიუთითოს დაწესებულება, სადაც იდიშური ენა შეისწავლა.

2019 წელს, ებრაული კულტურის კვლევისას აღმოაჩინა თბილისის იდიშური თეატრის აფიშები. მაშინ, როდესაც იდიშურენოვანი სპექტაკლები იმართებოდა ნიუ-იორკში, მათი ანალოგები იდგმებოდა თბილისში, კერძოდ ზუბალაშვილების სახალხო სახლში, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში (1910-1930). “ფაქტობრივად, იდიშური დასის მემკვიდრეობა გავაცოცხლე, როდესაც მათი ერთ-ერთი პირველი სპექტაკლის „ებრაელი დედოფალი ლირის” აფიშას მივაკვლიე და ნიუ-იორკში გავგზავნე დადასტურებისათვის”. სამწუხაროდ, ბევრ დოკუმენტს ამ თემაზე - ქართულ არქივებში ვერ მიაკვლია, თუმცა ის დაზუსტებით გაიგო, რომ მე-20 საუკუნეში თბილისში არსებობდა თეატრი, სადაც სპექტაკლები იდიშურ ენაზე იმართებოდა. სწორედ ეს გახდა მისი კვლევის მთავარი თემა და თელ-ავივის უნივერსიტეტის მრავალრიცხოვან არქივებში შეეცდება მეტი ინფორმაცია მოიძიოს იმაზე, თუ როგორ ხდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში დადგმული სცენარების საქართველოში გამოგზავნა და სცენამდე მიტანა. გარდა ამისა, ლაშასთვის საინტერესოა ბოლო 200 წლის განმავლობაში აშკენაზი (ევროპელი) ებრაელების მემკვიდრეობა კავკასიის რეგიონში. თვლის, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის. “ის ფაქტი, რომ თბილისში, ბათუმში და სოხუმში, მე-19 საუკუნის ბოლოს უფრო მეტი ევროპელი ებრაელი ცხოვრობდა, ვიდრე ქართველი ებრაელი და მათი კულტურაც ყვაოდა ამ პერიოდში, ნიშნავს, რომ საქართველო არის და იყო ევროპული ფასეულობების ქვეყანა, რომელიც კი არ სდევნიდა ებრაელებს, არამედ უქმნიდა მათ შესაბამის პირობებს საცხოვრებლად და ხელს უწყობდა განვითარებაში,”-აღნიშნავს იგი.

ლაშას სადოქტორო კვლევა სამხრეთ კავკასიაში ქართველ, ლახლუხ, ყარაიმელ და ევროპელ ებრაელთა ლინგვისტურ, პოლიტიკურ და სოციალურ მემკვიდრეობას მოიცავს, მათ შორის იდიშურ ენასაც. სურვილი აქვს, რომ თსუ გახდეს პირველი უნივერსიტეტი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც აღდგება იდიშური ენის სწავლება.

თარიღი: 09/06/2021