eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თურქული ენის მესამე საზაფხულო სკოლა „კულტურათა დიალოგი“

 20–25 ივლისს, ქალაქ ტრაპიზონში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის კათედრის ეგიდით, თურქული ენის მესამე საზაფხულო სკოლა „კულტურათა დიალოგი“ გაიმართა. საზაფხულო სკოლას უმასპინძლა ტრაპიზონის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის კათედრამ. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტრაპიზონის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა

 

საზაფხულო სკოლის მიზანს წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის საბაკალავო პროგრამის სტუდენტებისთვის თურქული ენის პრაქტიკული კომპეტენციის განვითარება ავთენტურ ენობრივ და კულტურულ გარემოში, აგრეთვე თურქეთის ისტორიის, კულტურისა და ეთნოგრაფიის შესახებ ცოდნის გაღრმავება. პროექტის კონცეფცია ეფუძნებოდა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირებას და სტუდენტებისთვის ისეთი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას, რომელშიც ენობრივი სწავლება კულტურულ და აკადემიურ კომპონენტებთან ორგანულად იქნებოდა დაკავშირებული.

 

ხუთდღიანი პროგრამა ორი ძირითადი მიმართულების - შემეცნებითი და კულტურული კომპონენტების — ერთიანობას ეფუძნებოდა. ლექციების თემატიკა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა როგორც თურქოლოგიის ფუნდამენტურ საკითხებს, ისე თურქეთის ისტორიის, ლიტერატურისა და ქართულ-თურქული ურთიერთობების ცალკეულ ასპექტებს.

 

ტრაპიზონის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ჰასან ისიმ სტუდენტებს თურქოლოგიის საფუძვლები გააცნო, პროფესორმა ათილა აქთაშმა — თანზიმათის პერიოდის რომანის განვითარების ძირითადი თავისებურებები, ხოლო პროფესორმა სონერ ჰამზაჩებიმ ისაუბრა 1991 წლის შემდეგ თურქულ-ქართულ ურთიერთობებზე.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ელისაბედ ბჟალავამ სტუდენტებს თურქოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წერილობითი ძეგლი, მაჰმუდ ქაშგარის „დივანუ ლუღათ-ით-თურქი“, გააცნო. ლექციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ძეგლის მნიშვნელობაზე თურქული ენის, ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით. ქოჯაელის უნივერსიტეტის პროფესორმა მერიემ გურბუზმა კი შუა საუკუნეების ანატოლიის ყოველდღიური ყოფის სხვადასხვა ასპექტებზე ისაუბრა.

 

საზაფხულო სკოლის აკადემიური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო პრაქტიკული ვორკშოპი „თურქულიდან ქართულად თარგმნის სახელოსნო“, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ლორთქიფანიძემ და ტრაპიზონის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სალიჰ უჩაქმა ჩაატარეს. პრაქტიკული სამუშაოს ფორმატი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა, თარგმანის პროცესთან დაკავშირებული თეორიული საკითხები კონკრეტულ მაგალითებზე განეხილათ, ემსჯელათ ენობრივ ეკვივალენტობაზე, კონტექსტის მნიშვნელობასა და თარგმანისას წარმოქმნილი სირთულეების დაძლევის გზებზე. ამასთანავე, ვორკშოპმა ხელი შეუწყო სტუდენტებში როგორც ენობრივი, ისე ანალიტიკური და მთარგმნელობითი უნარების განვითარებას.

 

საზაფხულო სკოლის პირველი დღე ტრაპიზონის უნივერსიტეტში ოფიციალური შეხვედრით დაიწყო. ქართველ სტუდენტებსა და პროფესორებს გულთბილად უმასპინძლა ტრაპიზონის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა. შეხვედრის ფარგლებში სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის ისტორია, აკადემიური მისია და საგანმანათლებლო პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „კულტურათა დიალოგის“ მნიშვნელობას ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობისა და სტუდენტთა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილების განვითარების თვალსაზრისით.

 

ტრაპიზონის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სალიჰ უჩაქმა ქართველ სტუმრებს უნივერსიტეტის კამპუსი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო სივრცეები და სტუდენტური ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები დაათვალიერებინა. ვიზიტის ამ ნაწილმა სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ გაცნობოდნენ თურქეთის უმაღლესი განათლების სისტემის კონკრეტულ საგანმანათლებლო გარემოს და ტრაპიზონის უნივერსიტეტის აკადემიურ ინფრასტრუქტურას. შეხვედრები კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, და სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია უშუალოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან მიიღეს.

 

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ასევე შეხვდა ტრაპიზონის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი აშიქ ქუთლუ. შეხვედრაზე რექტორმა დადებითად შეაფასა ქართველი სტუდენტების აკადემიური მომზადების დონე და მადლობა გადაუხადა ქართველ პროფესორებს პროფესიონალიზმისა და გაწეული შრომისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მსგავსი ერთობლივი პროექტები ხელს უწყობს როგორც სტუდენტთა აკადემიური და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას, ისე საქართველოსა და თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებას.

 

საზაფხულო სკოლის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ვიზიტი საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქალაქ ტრაპიზონში. გენერალურმა კონსულმა ნიკოლოზ იაშვილმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა და მათ თურქეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო საკონსულოს სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობის სპეციფიკას. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გაცნობოდნენ საქართველოს დიპლომატიური სამსახურის საქმიანობას და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.

 

საზაფხულო სკოლის კულტურული კომპონენტი მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის ტრაპიზონისა და მისი ისტორიულ-კულტურული გარემოს უშუალოდ გაცნობას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს ტრაპიზონის ციხე, აია-სოფიას ტაძარი, ათათურქის სასახლე და ბოზთეფე. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სუმელას მონასტრისა და სურმენეს მონახულებასაც. კულტურული პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ რეგიონის ისტორიულ მემკვიდრეობას, ადგილობრივ კულტურულ ტრადიციებსა და ყოფით თავისებურებებს, ასევე დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები. ამგვარად, საზაფხულო სკოლის კულტურული პროგრამა არ წარმოადგენდა მხოლოდ ტურისტული ხასიათის აქტივობების ერთობლიობას, იგი სასწავლო პროცესის ორგანულ გაგრძელებას ქმნიდა და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა, აუდიტორიაში მიღებული ცოდნა დაეკავშირებინათ ისტორიულ, კულტურულ და სოციალურ გარემოსთან.

 

„კულტურათა დიალოგის“ მესამე საზაფხულო სკოლის  საქმიანობა და მნიშვნელობა არაერთმა თურქულმა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქა. ადგილობრივ პრესაში გაჩენილი გამოხმაურება კიდევ ერთხელ მიუთითებს პროექტის მიმართ არსებულ ინტერესზე და მის საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურულ მნიშვნელობაზე.

 

"როგორც აღნიშნული პროექტის ავტორს, მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტები სტუდენტებისთვის მხოლოდ სასწავლო გამოცდილება არ არის — ეს არის შესაძლებლობა, უკეთ გაიცნონ მეზობელი ქვეყნის კულტურა, დაამყარონ ახალი პროფესიული და მეგობრული ურთიერთობები და საკუთარი ცოდნა რეალურ, ავთენტურ გარემოში გამოსცადონ. სწორედ ამიტომ, „კულტურათა დიალოგი“ გაცილებით მეტია, ვიდრე საზაფხულო სკოლა. ის არის განათლების, კულტურათა ურთიერთგაცვლისა და მეგობრობის სივრცე; სივრცე, სადაც აკადემიური თანამშრომლობა ადამიანურ ურთიერთობებში გადადის, ხოლო ენა კულტურებსა და ქვეყნებს შორის მტკიცე ხიდის ფუნქციას იძენს", - აცხადებს თსუ ასოცირებული პროფესორი ელისაბედ ბჟალავა.

თარიღი: 30/07/2026