ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით პროფესიული განათლების III საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“ გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ახალგაზრდობის სააგენტოს და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები. კონფერენცია ყოველწლიურია და მისი მიზანია პროფესიული განათლების მნიშვნელობის, გამოწვევების, სიახლეების და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები, პროფესიული მასწავლებლები, ადმინისტრაციული პერსონალი სხვადასხვა პროფესიული განათლების სასწავლებლებიდან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას გამოცდილების გაზიარებისთვის, ინოვაციური მიდგომების განხილვისა და პროფესიული განათლების განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის გლობალურ კონტექსტში.
კონფერენციის მიმართულებებია:
- პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია;
- ციფრული უნარების განვითარება;
- კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა;
- ინკლუზიური და ხელმისაწვდომი განათლება - თანამედროვე გამოცდილება;
- სტუდენტზე ორიენტირებული ინოვაციური სწავლება;
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელები - კეთებით სწავლება;
- მომავლის კომპეტენციების იდენტიფიცირება და განვითარება პროფესიულ განათლებაში (ციფრული, „მწვანე“ და რბილი უნარები);
- პროფესიული განათლება და შრომის ბაზარი - თანამედროვე ტენდენციები;
- საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებული მოდელები (მაგ., Erasmus+ მობილობა) პროფესიულ განათლებაში;
- ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე - პრაქტიკული გამოცდილება და საუკეთესო მაგალითები;
- სტრატეგიული პარტნიორობების განვითარება განათლებასა და ინდუსტრიას შორის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
4 ივლისს კონფერენციის მონაწილეთათვის იგეგმება ექსკურსია კახეთში. ექსკურსიის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრობა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლ გრემის კომპლექსში და საქველმოქმედო ვიზიტი სოციალურ საწარმოში ,,თემი“ სოფელ გრემში. მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ შეგროვებული ტანსაცმელი, სათამაშოები, სურსათი და ტკბილეული გადაეცემათ სოციალური საწარმოს ბენეფიციარებს.
კონფერენცია 2024 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგელნები იღებენ. 2026 წლიდან კონფერენცია საერთაშორისო გახდა და პირველად იქნებიან წარმოდგენილი უცხოელი პარტნიორები. წელს საქართველოს გარდა კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ესპანეთიდან, ესტონეთიდან, ბოტსვანას რესპუბლიკიდან.