გეოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირმა (IUGS) ჯავახეთის ბაზალტს გლობალური სტატუსი მიანიჭა – „მემკვიდრეობის ქვა“ (Heritage Stone) და გადასცა შესაბამისი სერტიფიკატი. სტატუსის აღიარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ მომზადებული განაცხადის საფუძველზე მოხდა. საქართველოს გეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო აღიარებას მიეძღვნა თსუ-ში გამართული პრეზენტაცია.
ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი თეიმურაზ დოჭვირი, საქართველოს განათლების სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან ქოქრაშვილი, თსუ ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი თამარ წუწუნავა, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ჯავახეთის ბაზალტი პირველი ქვაა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიიდან, რომელსაც ეს სტატუსი მიენიჭა. „მემკვიდრეობის ქვის“ საერთაშორისო სტატუსი არის ხარისხის ნიშანი, რომელიც ენიჭება ბუნებრივ სამშენებლო ქვას და ხაზს უსვამს მის კულტურულ, ისტორიულ, არქიტექტურულ და გეოლოგიურ ღირებულებებს. სტატუსის მიზანია იმ ქვების დაცვა და პოპულარიზაცია, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში.
ინსტიტუტის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდა ვულკანიზმს სწავლობს ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი: გიორგი ვაშაკიძე, ქეთევან გაბარაშვილი, თამარ ბერიძე, მანანა კავსაძე და კობა ლობჟანიძე. მათ მიერ 2023-2026 წ.წ. შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი „ჯავახეთის ვულკანური პროვინციის (სამხრეთ საქართველო) ლავური ნაკადების ვულკანური ფაციესების არქიტექტურისა და მათთან ასოცირებული ლავათშორისი ჰორიზონტების კვლევა“. ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე ჩატარებული საველე სამუშაოების დროს ყურადღებას იპყრობდა, როგორც ისტორიულ, ასევე თანამედროვე საკულტო და საერო არქიტექტურასა და საყოფაცხოვრებო ნივთებში ბაზალტის ფართო გამოყენება.
მსოფლიო მემკვიდრეობის ქვის სტატუსი ნიშნავს საერთაშორისო პრესტიჟსა და სამეცნიერო აღიარებას. რატიფიცირებული ქვა არის „საერთაშორისო გეოლოგიური მემკვიდრეობის“ ნაწილი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეტანილია გლობალურ რეესტრში, რაც საერთაშორისო დონეზე ზრდის მის ცნობადობას და პოპულარობას მსოფლიო გეოლოგიურ და არქიტექტურულ წრეებში.
2026 წლის 4-8 ნოემბერს პორტუგალიაში, ალგარვენსის გეოლოგიურ პარკში გაიმართება მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირის სპეციალური ფორუმი, სადაც მოხდება რატიფიცირებული ქვების, მათ შორის ჯავახეთის ბაზალტის, ოფიციალური საზეიმო წარდგენა.