თსუ-ში გამართულ პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „კარტოგრაფია და თანამედროვეობა“, 16 ქვეყნის კარტოგრაფიის, GIS-ისა და გეოსივრცითი ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა იმსჯელეს ბუნებრივ საფრთხეებსა და გარემოსდაცვით რისკებზე, ისტორიულ კარტოგრაფიასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე, გეოსივრცით ტექნოლოგიებსა და GeoAI-ზე, ლანდშაფტების კარტოგრაფირებასა და GIS-ის განათლების თანამედროვე გამოწვევებზე.
თსუ ასოცირებული პროფესორისა და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტის თენგიზ გორდეზიანის შეფასებით, კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებისთვის.
თსუ-ის სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო მხარდაჭერისთვის, ქართული კარტოგრაფიის განვითარებასა და საერთაშორისო აღიარებაში შეტანილი წვლილისთვის მასარიკის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) გეოინფორმატიკისა და კარტოგრაფიის ლაბორატორიის გამგე, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი, მილან კონეჩნი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო კარტოგრაფიული და გეოდეზიური პროდუქციის გამოფენა, ბავშვთა რუკების ხატვის კონკურსის ნამუშევრების წარდგენა და დაჯილდოება, ასევე Georgian Map Awards 2025-ის დაჯილდოების ცერემონია.