Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სამეცნიერო კონფერეცია „ძველი და შუა საუკუნეების საქართველო“

კონფერენცია ეძღვნება
აკად. ნიკოლოზ (ნიკო) ბერძენიშვილის
დაბადებიდან 130 წლის იუბილეს

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტი და საქართველოს ისტორიის სტუდენტთა სამეცნიერო წრე 2025 წლის 5-6 დეკემბერს გამართავენ ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკად. ნიკოლოზ (ნიკო) ბერძენიშვილის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციის თემატიკა

ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს – პოლიტიკური ისტორია, სოციალური ისტორია, ეკონომიკური ისტორია, სამხედრო ისტორია, დიპლომატიის ისტორია, სამართლის ისტორია, ეკლესიის ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნების ისტორია, კულტურის ისტორია, ისტორიული გეოგრაფია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფილოსოფია,
წყაროთმცოდნეობა, დიპლომატიკა, ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, სფრაგისტიკა,
ქრონოლოგია, გენეალოგია.


კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენა: ქართული.


რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 5 წუთი;


მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 5-6 დეკემბერი, 2025 წელი


თეზისების მიღების ვადა: 28 ნოემბერი, 2025


სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარდგენილი იყოს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე – „ძველი და შუა საუკუნეების საქართველო“, რომელიც ეძღვნება აკად. ნიკოლოზ (ნიკო) ბერძენიშვილის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს.


საკონტაქტო პირი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ლუკა ნებიერიძე, ტელ. 599757809.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი №211 (საპროფესორო), თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა: medievalgeorgia@tsu.ge

 

თეზისების გაფორმების წესი:


ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
სტრიქონებს შორის მანძილი: 1,5 სმ.
სათაური: ცენტრში, შრიფტის ზომა: 16, Bold (მუქი შრიფტით)
ავტორის სახელი, გვარი, დაწესებულება მარჯვნივ, შრიფტის ზომა 14
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)
ველები ყველა მხარეს: 2,5 სმ.

 


ნიკოლოზ (ნიკო) ბერძენიშვილი (1895-1965) - ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი (1939 წ), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1943 წ), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წ), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946 წ). 1917 წელს დაამთავრა ბათუმის გიმნაზია და იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ გააგრძელა სწავლა, დაბრუნდა და მუშაობდა მასწავლებლად. 1920-26 წლებში სწავლობდა თსუ-ში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე (ისტორიის განხრით). ივანე ჯავახიშვილის შუამდგომლობით დატოვეს უნივერსიტეტში, საქართველოს ისტორიის კათედრაზე. 1929 წელს დაინიშნა თსუ-ის საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგედ; აქვე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. პარალელურად იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების თანამშრომელი (1929-36 წწ). 1939-1958 წლებში მუშაობდა ისტორიის განყოფილების გამგედ ჯერ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში. 1948-1965 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე (1946-1956 წწ.), 1951-1957 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ნიკო ბერძენიშვილის კვლევის სფერო საქართველოს ისტორიის თითქმის ყველა დარგსა და ყველა ეპოქას მოიცავდა. მის ნაშრომებში გამოკვლეულია შუა საუკუნეების საქართველოს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურის და საეკლესიო ისტორიის, პერიოდიზაციის, ისტორიული გეოგრაფიის, წყაროთმცოდნეობის, ისტორიოგრაფიის, დიპლომატიკის, რუსთველოლოგიის, სხვა ხალხებთან ურთიერთობისა და სხვა საკითხები. სოციალური ისტორიის კვლევაში გამოყოფილია ოთხი ურთიერთდაკავშირებული პრობლემა: ფეოდალური მიწათმფლობელობა, ბატონყმობა, სათავადოები და საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია. მის სახელს უკავშირდება საქართველოს ისტორიის მაკეტის (1940 წ), ხოლო შემდეგ სასკოლო სახელმძღვანელოს (1943 წ) გამოქვეყნება, რომელიც აკად. ი. ჯავახიშვილისა და აკად. ს. ჯანაშიას თანაავტორობით იყო მომზადებული. საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელომ საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა XX ს. 50-იან წლებში საქართველოს ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს შესაქმნელად ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით გაშლილ მუშაობას. 1958 წელს გამოქვეყნდა დამხმარე სახელმძღვანელოს I ტომი და სახელმძღვანელო VIII-X კლასებისათვის, უძველესი დროიდან დღემდე (ავტორები: ნ. ბერძენიშვილი, ვ. დონდუა, მ. დუმბაძე, ი. კაჭარავა, გ. მელიქიშვილი, შ. მესხია და პ. რატიანი). ბერძენიშვილის შრომებმა – „ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში“, „ნარკვევი XIII-XVI საუკუნეები საქართველოს ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ისტორიიდან“ (რუსულ ენაზე), „რუსეთ- საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე“, „XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან“, „კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობაში“ და სხვა, აგრეთვე ისტორიული დოკუმენტების მრავალრიცხოვანმა პუბლიკაციებმა – შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის მიმართულება განსაზღვრა. მისი ნაშრომები, და საარქივო მასალის ნაწილი გაერთიანდა 10 ტომში და გამოქვეყნდა (1964-1990 წწ) „საქართველოს ისტორიის საკითხების“ სახელწოდებით. ნიკო ბერძენიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ისტორიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარეც თვითონ იყო. ნიკო ბერძენიშვილი აგრძელებდა აკად. ივანე ჯავახიშვილისა და აკად. სიმონ ჯანაშიას ტრადიციებს არქეოლოგიური სამუშაოების წარმართვის საქმეშიც. იგი ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ და ისტორიულ-გეოგრაფიულ ექსპედიციებს. დიდია მისი დამსახურება არაერთი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის აღზრდის საქმეში. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, 1947 წელს ნიკო ბერძენიშვილს, ივანე ჯავახიშვილთან და სიმონ ჯანაშიასთან ერთად, საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნისათვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია.