თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს 2023 წლის 09-14 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკის ქ. სლუპსკის პომორიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ ქართულ-პოლონურ XI საერთაშორისო-სამეცნიერო კოლოკვიუმში - „პოლონეთისა და საქართველოს კონსტიტუციონალიზმი“.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯაბა სამუშია;
თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ირაკლი ბურდული;
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინა გარიშვილი;
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ბოსტოღანაშვილი;
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ელზა ჩაჩანიძე;
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი.
სამეცნიერო კოლოკვიუმის ფარგლებში წაკითხული იქნა სამეცნიერო მოხსენებები ძველი ქართული სახელმწიფო სამართლის მნიშვნელოვან პრობლემებზე, კერძოდ:
პროფ. ირაკლი ბურდული წარსდგა მოხსენებით თემაზე: „სავაჭრო კაპიტალიზმის ფორმირების ისტორიიდან“.
ასოც. პროფ. მარინა გარიშვილი წარსდგა მოხსენებით თემაზე: „სახელმწიფო მმართველობის სისტემა საქართველოში რუსეთის ოკუპაციის პირველ წლებში (1801-1804 წწ.)
ასოც. პროფ. დავით ბოსტოღანაშვილი წარსდგა მოხსენებით თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში რუსეთის ოკუპაციის პერიოდში (XIX საუკუნე)
ასისტენტ-პროფ. ელზა ჩაჩანიძე წარსდგა მოხსენებით თემაზე: „საუკუნის პოლიციის ორგანოები საქართველოში რუსეთის ოკუპაციის პერიოდში (XIX საუკუნე).
სამეცნიერო კოლოკვიუმის მიმდინარეობისას ქართულმა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა სლუპსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო/სამეცნიერო წლის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ამავე ღონისძიების ფარგლებში, საზეიმო ვითარებაში, მრავალწლიანი ქართულ-პოლონურ სამეცნიერო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად, სლუპსკის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტის სამართლის ისტორიის კათედრის გამგეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს დარიუშ შპოპერს გადაეცა ტფილისის უნივერსიტეტის ოქროს მედალი.
Date:
09/11/2023