იორამ პავლიაშვილი
გეოგრაფი
date of birth 1913
1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით.
სამუშაოდ დატოვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპოგრაფია-კარტოგრაფიის კათედრაზე. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1945 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, შეთავსებით - გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში;
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაღალი მთის ტბის ტაბაწყურის აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1956 წელს. მის სადისერტაციო ნაშრომში გაშუქებულია ტაბაწყურის ტბის შესწავლილობის ისტორია, მისი აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება. დიდი ადგილი აქვს დათმობილი ტბის სამეურნეო ათვისებას.
1957 წელს დანიშნეს გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანად, ამ თანამდებობაზე თხუთმეტი წელი დაყო. შესრულებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათში გაშუქებულია აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივი პირობები. 1955-1980 წლებში იყო გეოგრაფიული საზოგადოების გორის ფილიალის თავმჯდომარე, შემდეგ თავმჯდომარის მოადგილე. დაჯილდოებული იყო სამამულო ომში მონაწილეობისათვის ორდენებითა და მედლებით; მიღებული აქვს სსრ კავშირის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო სიგელი (1977), საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს საპატიო სიგელები (1973, 1978, 1980, 1985).