Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ - „პირველების“ არჩევანი

„ფიზიკა რომ არ ამერჩია, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი, რომ სირთულეებს შევუშინდი“
 

საქართველოს ყველა უნივერსიტეტის მასშტაბით, არასახელოვნებო სპეციალობებში ,N1 რეიტინგი 2021 წელს აბიტურიენტმა მარიამ შენგელიამ მოიპოვა. მისი არჩევანი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შეჩერდა და უკვე მეორე სემესტრია ფიზიკის მიმართულებაზე სწავლობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მარიამის პირველი არჩევანი იყო, რადგან თსუ სტუდენტებს სთავაზობს ყველაზე ფართო არჩევანს უცხოეთში გაცვლითი პროგრამების სახით. „ბევრმა ადამიანმა მირჩია თსუში ჩაბარება, რადგან აქ თავისი საქმის პროფესიონალები ასწავლიან, ფიზიკის მიმართულება კი განსაკუთრებით ძლიერია. აქ სტუდენტებს უმაღლეს საფეხურებზე სწავლის გაგრძელებაში უწყობენ ხელს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ“, - ამბობს მარიამი.

 

ფიზიკა ბავშვობიდან მისი საყვარელი საგანი იყო. ფიქრობს, რომ შეუძლებელია იგი ოდესმე უინტერესო გახდეს, რადგან მუდამ რაღაც ახალს სწავლობს. „ფიზიკა რომ არ ამერჩია, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი, რომ სირთულეებს შევუშინდი“.
 

თსუ სტუდენტი უკვე მეორე სემესტრია ონლაინ რეჟიმში სწავლობს და თვლის, რომ ამ პირობებში უნივერსიტეტი ვერ ამჟღავნებს თავის სრულ პოტენციალს. „ამ დროის განმავლობაში რამდენიმე პრაქტიკული სამუშაო ჩაგვიტარდა აუდიტორიაში და ძალიან დიდი განსხვავება აღმოჩნდა ონლაინ და აუდიტორულ სწავლებას შორის. თუმცა, პედაგოგები თავს არ ზოგავენ, რომ მაქსიმალურად სრულყოფილი ცოდნა მივიღოთ, გვიტარებენ დამატებით ფაკულტატურულ მეცადინეობებს, მონაწილეობას ვიღებთ კონფერენციებში,“ - აღნიშნავს ის.
 

მარიამ შენგელიამ ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტის წოდების შემდეგ, უკვე წარმატებული სტუდენტის სტატუსიც მოიპოვა. სწორედ უმაღლესი აკადემიური მოსწრების საფუძველზე მიიღო მან თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემია. ფონდი სტუდენტებში სწავლის წახალისებას ემსახურება და ისინი ყოველწლიურად აფინანსებენ ახალგაზრდებს, რათა მათ შეძლონ მიიღონ უმაღლესი განათლება და ფინანსური მხარდაჭერა აკადემიური პერიოდის განმავლობაში.
 

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩემი მოლოდინები გაამართლა და დარწმუნებული ვარ საკუთარი არჩევანის სისწორეში, ვსწავლოს სწორედ იმას რაც მინდა და მაინტერესებს“. ფიზიკის გარდა მარიამი პრგრამირებითა და ინჟნერიითაცაა დაინტერესებული. ამ ეტაპზე სამომავლო გეგმების შესახებ საუბარი უჭირს, რადგან ჯერ კიდევ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ძიებაშია, ცდილობს თავი არ შეიბოჭოს კონკრეტული მიზნით, თუმცა აპირებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე.