Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დოქტორანტი - ქართველ ბავშვთა მეტყველების თავისებურებების კვლევის შესახებ

მეტყველების ფსიქოლინგვისტური ასპექტები და ქართულენოვან ბავშვთა მეტყველების სისტემური თავისებურებების კვლევა -ასე ჰქვია თსუ დოქტორანტის ქეთევან ჭილაიას საკვლევ თემას, რომელმაც რუსთაველის ფონდის დაფინანსება მოიპოვა და მის ავტორს წარმატებულ დოქტორანტებში დაუმკვიდრა ადგილი.

 

ქეთევან ჭილაიას საბოლოო პროფესიული არჩევანი შემთხვევითობამ განაპირობა - ჟურნალისტიკის მიმართულებაზე სწავლობდა, როცა თსუ-ში მეგობრის სანახავად მისული ენათმეცნიერების შესავალის ლექციაზე აღმოჩნდა და საკუთარ თავში ახალი დარგის ინტერესიც აღმოაჩინა.  

 

„ეს იყო ენათმეცნიერების შესავალი, რომელსაც კითხულობდა ახლა უკვე ჩემი ხელმძღვანელი და ყველასათვის უსაყვარლესი პიროვნება ქალბატონი რუსუდან ასათიანი. სწორედ ამ დღემ შეცვალა ჩემთვის ყველაფერი. თავიდან  ჯერ იყო უბრალოდ პიროვნული სიმპათიები, რასაც მოჰყვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადასვლა ბაკალავრიატის საფეხურზე, რადგანაც ცალკე ენათმეცნიერების საბაკალავრო პროგრამა არ ჰქონდა უნივერსიტეტს. შემდგომ უკვე ჩავაბარე ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე და ვაგრძელებ სწავლას ისევ თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულებით უკვე სადოქტორო პროგრამაზე. მაინტერესებდა გამოყენებითი ენათმეცნიერების თითქმის ყველა მიმართულება, მაგრამ თანდათან გამოიკვეთა ჩემი ინტერესების სფერო, რაც უკავშირდება ნეიროლინგვისტიკასა და ფსიქოლინგვისტიკას“, - ასე ყვება საკუთარ პროფესიულ არჩევანზე და აბობს, რომ საკუთარ თავს შესანიშნავად და კომფორტულად გრძნობს მეცნიერთა გუნდში.  

 

-მკითხველისთვის პოპულარულ ენაზე რომ გვიამბოთ, თქვენი კვლევის შესახებ, რა ტიპის ფსიქოლინგვისტური ასპექტები არსებობს ზოგადად და რითია გამორჩეული ქართულენოვანი მეტყველების სისტემა ამ თვალსაზრისით?

 

-ჩემი კვლევა, როგორც სახელწოდებაში ვკითხულობთ, შეეხება მეტყველების ფსიქოლინგვისტურ ასპექტებსა და სისტემურ თავისებურებებს, კერძოდ ქართულენოვან ბავშვთა მეტყველებას. უფრო მარტივად რომ გითხრათ, კვლევა ეხება იმ კოგნიტიური საფუძვლების ძიებასა და შესწავლას, რაც მეტყველებისა და ინტელექტუალური განვითარების წინაპირობაა.

მოგეხსენებათ, ფსიქოლინგვისტიკა ენის ფსიქოლოგიურ ასპეტებს იკვლევს. მას აინტერესებს, თუ რა მექანიზმები მონაწილეობს ენობრივი გამონათქვამების წარმოთქმისა და გაგება-გააზრების პროცესში. კვლევის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება ფსიქო-ფიზიკური და ნეიროლინგვისტური ფაქტორები, კერძოდ ასაკი, სქესი, გენეტიკური დარღვევები, აუტისტური სპექტრი და ა.შ., რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის მეტყველების განვითარებაზე და ზოგადად, მეტყველების სისტემურ თავისებურებებზე. ვნახავთ როგორ არის გამოხატული ქართული ენის სპეციფიკა  ბავშვთა მეტყველებაში, რა ტიპის შეცდომებს უშვებენ და რა განაპირობებს  მათ. ვნახავთ ამა თუ იმ მეტყველების დარღვევის დროს, იქნება ეს გენეტიკური ფაქტორით განპირობებული თუ ფიზიოლოგიურით, როგორ წარმოქმნიან ამა თუ იმ ენობრივ კონსტრუქციებს ბავშვები.

მეტყველების დარღვევები დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. თითოეული დარღვევის ბუნება და მიზეზი განსხვავებულია,თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დარღვეულია გარემოსთან ენის საშუალებით კომუნიკაცია.  მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად მეტყველების      დეფექტი დაკავშირებულია გენეტიკურ დარღვევასთან, დამტკიცებულია, რომ ადრეული ჩარევა-რეაბილიტაცია ძალიან კარგ შედეგს იძლევა.  ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს არის, მეტყველების თავისებურებების აღწერითა და კონკრეტული პრობლემის მიგნებით, გარკვეული, მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ, რაც შემდგომში, ამგვარ ადამიანებთან მომუშავე სპეციალისტებს დაეხმარებათ გარკვეული სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებაში,რაც ერთგავარად ხელს შეუწყობს მეტყველების დარღვევის მქონე პირთა ინტელექტუალურ განვითარებასა და ამ ხარვეზების მეტ-ნაკლებად დაძლევას.

ქართული ენის სიღრმისეული თავისებურებები ძალიან საინტერესო მასალას იძლევა ენათმეცნიერული თვალსაზრისით. დავიწყოთ იმით, რომ ეს დიდი სიახლეა! გამომდინარე იქიდან, რომ ქართულენოვან ბავშთა მეტყველების განვითარების კანონზომიერებათა სრულყოფილი ანალიზი არ არსებობს.

უაღრესად საინტერესოა ქართული ენის კვლევა ენობრივი იერარქიის ყველა დონეზე. პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ენის სპეციფიკა მორფო-სინტაქსურ საკითხებთან დაკავშირებით.

ქართულენოვანი მეტყველების სისტემა, გამორჩეული ბევრი რამით არის, მაგალითად, ქართული ენის სპეციფიკა ზმნისწინის დროსთან გადაჯაჭვულობა, ძალიან საინტერესოდ ვლინდება ბავშვთა მეტყველებაში -  ნარატივებში  დროითი მიმართებების გამოხატვა ხდება ზმნათა წყვეტილი და უწყევეტელი (განგრძობითი) ფორმების დაპირისპირებით, სივრცითი მიმართებების-მიმართულებისა და ორიენტაციის ზმნისწინების საშუალებით; მოქმედებათა კაუზაციის-  ზმნების კონტაქტის და ქცევის მორფოლოგიური ფორმებითა და  ერგატული კონსტრუქციების     საშუალებით და, ზოგადად, ქართული ენის შემთხვევაში, ბავშვები უკვე 3-4 წლის ასაკში ადექვატურად იყენებენ ამ მორფოლოგიურ და სინტაქსურ საშუალებებს. მაშინ, როდესაც სხვა ენებში ბევრი სხვა ხარვეზია, არა იმიტომ, რომ სხვაენოვანი ბავშვები განვითარების დონით ჩამორჩებიან ქართულენოვან ბავშვებს, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს განსაზღვრავს ქართული ენის სპეციფიკა, რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესო საკვლევია.

 

-რატომ გადაწყვიტეთ რომ თქვენი სამიზნე ჯგუფი ყოფილიყვნენ ბავშვები და როგორია მოლოდინი  კვლევასთან დაკავშირებით?

 

-რატომ ბავშვები? ბავშვი ეს სიტყვა ფართო ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. ჩვენი კვლევის სამიზნე ჯგუფად განისაღვრა სკოლამდელი ასაკის ჯგუფი, კერძოდ, 4-დან 6 წლამდე ასაკობრივი ზღვარი, ამ შემთხვევაში, ვიხელმძღვანელეთ ცნობილი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს რეკომენდაციებით, კერძოდ, მისი სტადიალური თეორიის მიხედვით, ბავშვთა განვითარება ორ ძირითად პერიოდად იყოფა ესენია:

სენსომოტორული ინტელექტის სტადია:-როდესაც ბავშვი, გარე გამღიზიანებლებს მხოლოდ გარკვეული, მოტორული რეაქციებით პასუხობს;

ოპერაციამდელი განვითარების სტადია:-(2-7 წლამდე), როდესაც ბავშვი რეალობის შესახებ კონკრეტული, ყოველდღიური გამოცდილებიდან მიღებული ინფორმაციისდა შესაბამისად, კონკრეტული სიტუაციებიდან გამომდინარე ახორციელებს კონკრეტულ სამეტყველო ქმედებებს. ამ სტადიისათვის, თავის მხრივ, ორი პერიოდი გამოიყოფა: ცნებამდელი აზროვნება (2-4 წლამდე) და ინტუიციური აზროვნება (4-7 წლამდე).

4 წელზე მცირეწლოვანი ბავშვები არ გამოგვადგებოდა ამ ექსპერიმენტისათვის, რადგანაც 2-3 წლის ასაკი წარმოადგენს ე.წ. ცნებამდელ აზროვნებას. ამ დროს ბავშვს უკვე შეუძლია სიტყვის გამოყენება, თუმცა ძირითადად მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის რაიმე პრაქტიკული საჭიროებაა. ჩვენ გვქონდა მსგავსი ტიპის ექსპერიმენტი უკვე ჩატარებული, საპილოტე ჯგუფთან, სადაც გამოჩნდა, რომ 3 წლის ბავშვები საკმაოდ გონივრულ პასუხებს იძლეოდნენ, თუმცა მხოლოდ ფრაგმენტულად და, ამჟამად, ჩვენი კვლევისათვის საჭირო მასალის მოპოვება ამ ასაკობრივი ჯგუფიდან, წინა გამოცდილებაზე დაყრდნნობით,  არაეფექტურად ჩავთვალეთ.

ცნებების შემუშავება სწორედ 4 წლიდან იწყება და ეფუძნება ინტუიციური აზროვნების განვითარებას. ამდენად, ინფორმანტების ასაკის ქვედა ზღვარი განისაზღვრა 4წლით. რაც შეეხება ზედა ზღვარს, ისევ წინა ექსპერიმენტის გამოცდილებიდან გამომდინარე, 6 წლის ბავშვებისათვის მსგავსი ტიპის კითხვები მოსაწყენი და მარტივი იყო და ამ ორივე ფაქტორიდან გამომდინარე, არჩევანი სწორედ 4-6 წლამდე ასაკის ბავშვებით განისაზღვრა. პრობლემები უფრო გამოკვეთილად ჩანს 4 წლის ასაკის ბავშვებში; ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც ბავშვი, ჯერ კიდევ ოპერაციამდელი განვითარების სტადიაში მყოფი, ცნებამდელი აზროვნებიდან გადადის ინტუიციურ აზროვნებაზე (5 წლის ბავშვებს ეს ზღვარი უკვე გადალახული აქვთ და, შესაბამისად, „შეცდომებიც“ მათთან ნაკლებია).

რაც შეეხება მეტყველების დარღვევებს, შეხება გვქონდა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან, რომელთა შემთხვევაშიც გონებრივი განვითარების მიხედვით განსაზღვრული  ასაკი ფიზიკურ ასაკთან შედარებით დაახლოებით განახევრებულია და შესაბამისად, სამომავლოდაც, მეტყველების სხვადასხვა დარღვევის მქონე ინფორმანტთა შერჩევის კრიტერიუმი, ცოტა განსხვავებული და ინდივიდუალური იქნება.

მოლოდინი საკმაოდ დიდი გვაქვს, რომ ამ კვლევის ფარგლებში მოპოვებული მასალა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სახით კვლევები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვგულისხმობ ფსიქოლინგვისტურ კვლევას, ანუ ცალკე კი, არიან დაინტერესებულნი ფსიქოლოგები, ცალკე ენის სპეციალისტები, მაგრამ ასეთი ინტერდისციპლინარული კვლევისა და შესწავლის პრეცენდენტი ჯერ ქართულ სინამდვილეში არ ყოფილა და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო შედეგებს ველით.

- როგორი იქნება თქვენი მეთოდოლოგია და სამოქმედო გეგმა? რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერესო ეტაპი კვლევის პროცესში?

 

-კვლევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს. უპირველეს ყოვლისა, გავეცნობი სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურას, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გასაღრმავებლად, რაც უმნიშვნელოვანესია შემდგომი კვლევისათვის, რის შემდეგაც ვგეგმავ უკვე საკვლევ თემაზე ორიენტირებული საექსპერიმენტო ამოცანებისა და კითხვარების მომზადებას. მოგეხსენებათ ჩემი საკვლევი თემა სკოლამდელი ასაკის ინფორმანტების ჩაწერას გულისხმობს და ცდისპირების ასაკიდან გამომდინარე მთელი ეს ექსპერიმენტები უნდა ჩატარდეს საველე პირობებში, განსხვავებით მოზრდილი ადამიანებისაგან, ბაღის ბავშვს ვერ დასვამ და კითხვებს ვერ დაუსვამ.  მთელი ეს ექსპერიმენტი უნდა წარიმართოს სპეციალური თამაშებისა და აქტივობების დახმარებით, რომ ინფორმანტებმა თავი იგრძნონ მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოში და რაც შეიძლება სპონტანურად და ბუნებრივად გვიპასუხონ, რომ მივიღოთ სასურველი შედეგები. უნდა მომზადდეს აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. რადგან საკვლევი თემა გულისხმობს ასევე მეტყველების დარღვევებსაც, არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ბგერითი ენის საშუალებით არ ხდება კომუნიკაცია და ადამიანები მიმართავენ ხოლმე ჟესტ-მიმიკებს, რაც ასევე უენო მეტყველებაა და ხშირად ძალიან დიდი ინფორმაციის მიღება ხდება სწორედ ამ არაბგერითი კომუნიკაციიდან. დეტალურად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის აღწერა. უკვე შემდგომი ნაბიჯი იქნება ამ მოპოვებული მასალის დალაგება, ორგანიზება, სისტემაში მოქცევა, რასაც უკვე შემდგომ უნდა მოყვეს მასალის სტატისტიკური და ფსიქოლინგვისტური ანალიზი. ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ინფორმაცია მოგვცემს საშუალებას განვაზოგადოთ ეს ყველაფერი თეორიული ხასიათის დებულებებების სახით და უკვე შესაძლებლობა მოგვეცემა აღნიშნულ საკითხზე შევიმუშაოთ ერთგვარი პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაცები.