Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის კიდევ ერთი სტუდენტი ევროპულ უნივერსიტეტში

იტალიაში, რომის საპიენცას უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე სწავლა თსუ სტუდენტს იმედს აძლევს, რომ ამ ცოდნას ერთ დღეს ქართულ რეალობაში აუცილებლად გამოიყენებს. ეს მოლოდინი კი, უფრო მეტად მას შემდეგ გაუმყარდა, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა. უნივერსიტეტში მარიამ თინიკაშვილი ევროკავშირის სამართლებრივი აქტებისა და წევრი სახელმწიფოების მიერ მათი გამოყენების პრაქტიკას შეისწავლის.

მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტია. მარიამმა თსუ-ში მიმდინარე „ერაზმუს+“-ის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაზაფხულის სემესტრში სწავლას იტალიაში, რომის საპიენცას უნივერსიტეტში აგრძელებს. იურიდიული სფეროს მიმართ მისი ინტერესი სათავეს ჯერ კიდევ ბავშვობიდან იღებს. სკოლის პერიოდში სხვადასხვა პროექტში მონაწილეობამ და შრომის ბაზარზე იურიდიული განათლების მქონე პირების პერსპექტიულობამ მისი პროფესიული არჩევანი საბოლოოდ განსაზღვრა. მარიამისთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა პირველი გამოცდილება არ არის. ჯერ კიდევ ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის პერიოდში „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროექტით ერთი სემესტრი იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში გაატარა.

„ტუშას უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ერთ-ერთ სასწავლო დისციპლინად ევროკავშირის სამართალი იყო შემოთავაზებული. ეს ჩემი პროფესიული მიმართულების განსაზღვრისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა სწორედ ევროპეისტიკის მიმართულებით გავაგრძელე, რომელიც ევროკავშირის სამართალს, ეკონომიკასა და პოლიტიკას მოიცავს,“ - ამბობს მარიამი.

რომის საპიენცას უნივერსიტეტში წასვლამდე, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის პერიოდში, მარიამი USAID-ის „დემოკრატიული მმართველის ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში სტაჟიორ-ანალიტიკოსის პოზიციაზე იყო დასაქმებული. მის მთავარ პასუხისმგებლობას კანონპროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიტიკა წარმოადგენდა.

„მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე, რომ საკანონმდებლო ინიციატივების დიდი ნაწილი ევროკავშირის მითითებების განხორციელებას ემსახურებოდა, რისი ვალდებულებაც, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს აქვს აღებული. ამ პრაქტიკულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ევროკავშირის სამართლის სიღრმისეული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ ამ მიმართულებით საქართველოში კადრების ნაკლებობაა,“ - ამბობს მარიამი.

სწორედ ევროკავშირის სამართლის სიღრმისეულის ცოდნის სურვილმა გადააწყვეტინა თსუ სტუდენტს გაცვლითი პროგრამით იტალიაში, რომის საპეინცას უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. როგორც ამბობს, აღნიშნულ უნივერსიტეტს ევროკავშირის სამართლის სწავლების ხანგრძლივი ისტორია და უდიდესი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, საპიენცას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან ევროკავშირის მმართველი კლასის წარმომადგენლები. საზღვარგარეთ სწავლას რომ ბევრ დადებითთან ერთად, გარკვეული სირთულეებიც ახლავს თან, სიახლე არ არის. გამონაკლისი არც მარიამი ყოფილა. მისთვის მთავარი გამოწვევა უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ამბობს, მოულოდნელად საკუთარი თავში აღმოაჩინა უნარი - დამოუკიდებლად დაეგეგმა და წარემართა საკუთარი ცხოვრება.

„უცხო ქვეყანაში თითოეული დეტალი სიახლეა, დიდ ძალისხმევას მოითხოვს თუნდაც საბანკო ანგარიშის გახსნა, ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც კი. თუმცა, მოულოდნელად ვიპოვნე ბალანსი საკუთარ თავზე ზრუნვას, სწავლასა და სოციალიზაციას შორის. სასიამოვნო იყო, როდესაც აღმოვაჩინე, რომ გარშემომყოფი საზოგადოება, მათ შორის პროფესორები, კურსელები, უბრალო გამვლებებიც კი, ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ,“ - აღნიშნავს თსუ სტუდენტი.

საზღვარგარეთ სწავლის პარალელურად, მარიამი იტალიური ენის სწავლით არის დაკავებული, რადგან მიაჩნია, რომ ენის ცოდნა ადგილობრივ საზოგადოებასთან კომუნიკაციას გაუმარტივებს, იტალიური წყაროებიდან სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს და, ამასთან ერთად, დამატებით კიდევ ერთი ევროპული ენის ცოდნა მომავალში დასაქმების კუთხითაც დაეხმარება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ცალსახად ჩამოყალიბებული გეგმები არ აქვს. ზუსტად მხოლოდ ის იცის, რომ მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლას გააგრძელებს და შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად დასაქმების ახალ შესაძლებლობებს მოძებნის. კითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი იურისტისთვის? მარიამი პასუხობს: „ვფიქრობ, დარგის დინამიურობის გათვალისწინებით კარგი იურისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უნარი, ფეხი აუწყოს სიახლეებს.“

მარიამ თინიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული გაცვლითი პროგრამებისა და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ გამოცდილებასაც გვიზიარებს:

“თსუ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უამრავი შესაძლებლობა აქვთ - გაიღრმავონ ცოდნა, გამოსცადონ საზღვარგარეთ დამოუკიდებელი ცხოვრება, გაეცნონ ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას, შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან. „ერაზმუს+“-ის სტიპენდია კი მგზავრობისა და საზღვარგარეთ ცხოვრების ხარჯებს სრულად ფარავს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სრულად კონცენტრირდნენ სწავლასა და პიროვნულ განვითარებაზე.“

2015-2020 წლებში, ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 364 პროექტი დაფინანსდა ევროპის 29 ქვეყნის 141 უნივერსიტეტთან, ხოლო 2020-2022 წლებში ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის ფარგლებში, თსუ-ის 107 საპროექტო განაცხადი დაფინანსდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს 200-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი მსოფლიოს 56 ქვეყანაში.

გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე კონკურსების შესახებ ვრცლად, იხილეთ ბმულზე.