Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტები კიდევ ერთ საერთაშორისო ჩემპიონატში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის საერთაშორისო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების 5 სტუდენტის (გვანცა დოლბაია, ვახტანგ ქაჩიბაია, ანა მუხაშვილი, შალვა ქიტესაშვილი, თამარ ვარდიაშვილი) გუნდმა, საერთაშორისო სამართლის მაგისტრის თამარ რუსეიშვილის ხელმძღვანელობით, 2022 წლის ეროვნული ჩემპიონის ტიტული უკვე მოიპოვა და 24 მარტიდან პირველობისთვის ბრძოლას საერთაშორისო მასშტაბით გააგრძელებს. თსუ სტუდენტებმა შეჯიბრის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული შესარჩევი კონკურსიდან შეიტყვეს. გასულ წლების გამოცდილებამ და შეჯიბრში მონაწილე სტუდენტების შეფასებებმა მათ მონაწილეობის მიღება გადააწყვეტინა. შედეგად თსუ სტუდენტებმა არა მხოლოდ ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, არამედ საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებად გარდაქმნაც შეძლეს.

„შეჯიბრში მონაწილეობის სურვილი მას შემდეგ მაქვს, რაც საერთაშორისო სამართლის შესწავლა დავიწყე. პროექტის ყოფილი მონაწილეებისგან ვიცოდი, რამხელა როლი ითამაშა შეჯიბრმა, როგორც მათ აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებაზე. ჩემს თავზე მუშაობა და არსებული უნარების რაფინირება იყო მთავარი მოტივაცია, რამაც პროექტში მონაწილეობა გადამაწყვეტინა. აღსანიშნია, რომ ეს შეჯიბრი უკვე გახდა ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილება,“ - ამბობს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე გვანცა დოლბაია.

ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო სამართლის სფეროში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული შეჯიბრია, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის სტუდენტი მონაწილეობს. იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა ნიშნავს მოცულობითი კაზუსის დამუშავებას, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც არის დიპლომატიური სამართალი, კიბერ სამართალი  და სახელმწიფოს სუვერენიტეტთან დაკავშირებული გამოწვევები. ასევე, დამუშავებული მასალის წარდგენა ხდება ზეპირ რაუნდებზე.

„წლევანდელი კაზუსი ორ გამოგონილ სახელმწიფოს - ანტარას (განმცხადებელი) დარავარიას (მოპასუხე) ურთიერთიერთობებს ეხებოდა. გუნდის ოთხი წევრი და ორი განმცხადებლის პოზიციას (თითო წევრზე ორი საკითხი) ამუშავებდა, ხოლო დანარჩენი ორი - მოპასუხისას. გუნდის მეხუთე წევრი მკვლევრის როლს ითავსებდა და გუნდს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებაში, არგუმენტების გამართვაში და საერთაშორისო სამართლის ზოგადი საკითხების დამუშავებაში ეხმარებოდა. წერილობით პოზიციებზე მუშაობის დასრულების შემდეგ კი, აქტიურად დავიწყეთ ეროვნული ჩემპიონატის ზეპირი მოსმენისთვის სამზადისი,“ - გვიყვება გვანცა დოლბაია.

ეროვნულ ჩემპიონატში, თსუ გუნდმა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდთან წარმატებულად იასპარეზა და, ორწლიანი წყვეტის შემდეგ, ჩემპიონატის 2022 წლის საერთაშორისო რაუნდებზე საქართველოს კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარადგენს. გუნდის წერილობითი პოზიციები, ასევე, უმაღლესი ქულებით შეფასდა, გვანცა დოლბაია კი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მომხსენებელი გახდა.

„ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვება სასიხარულოა გაწეული შრომისდაფასების კუთხით, უფრო მეტად კი - საერთაშორისო რაუნდებზე გადასვლა მახარებს, ვინაიდან გამოწვევა და კონკურენცია იზრდება. ჩვენს გუნდს მოუწევს მსოფლიოში ცნობილ სხვადასხვა მოსამართლესთან და უნივერსიტეტის გუნდთან ასპარეზობა, რაც საკუთარ თავზე მუშაობისა და გუნდურობის უნარების გაუმჯობესების კიდევ უფრო გამორჩეული შესაძლებლობა იქნება,“ - ამბობს თსუ სტუდენტი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი აგრძელებს ინტენსიურ მზადებას ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის საერთაშორისო ჩემპიონატისთვის, რომელიც 24 მარტს დაიწყება დასამ ეტაპად გაიმართება.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე!