Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები თსუ-ში

საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო პროგრამები და უცხოენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა-სწავლების პროცესს უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის. თსუ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მეტი შესაძლებლობა ეძლევათ,უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიკი საერთაშორისო ასპარეზზე მეტად კონკურენტუნარიანები ხდებიან. სასწავლო პროცესის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ჩვენთან საუბრობენ.

 

ანა გამყრელიძე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმია-ბიოქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. ანამ ონის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და 100%-იანი დაფინანსებით თსუ-ში ქიმია-ბიოქიმიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა. როგორც ამბობს, ქიმიით ბავშვობიდან გატაცებული იყო, ჯერ კიდევ მე-11 კლასში გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფარგლებში ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კოლორადოში (აშშ) იმყოფებოდა, სადაც ფრედერიკის საშუალო სკოლაში გაძლიერებულ ქიმიას სწავლობდა. ლაბორატორიაში მუშაობის პირველი გამოცდილება აქ მიიღო, რამაც მისი პროფესიული არჩევანი საბოლოოდ განსაზღვრა. ალბათ რთულია ისწავლო ქიმია ინგლისურ ენაზე, თუმცა, ანა უცხოენოვან პროგრამაზე სწავლის უპირატესობებს უსვამს ხაზს - საზღვარგარეთ განათლების მიღებისა და დასაქმების მეტი შესაძლებლობა.

 

„თსუ ქიმია/ბიოქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ამერიკის ქიმიის საზოგადოების (ACS) სტანდარტებს სრულად შეესაბამება. მისი აკრედიტაცია განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი ინდიკატორია.  ამჟამად ეს პროგრამა ACS-ის აკრედიტაციის მიღების პროცესშია, რაც, დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება. ეს ნიშნავს, რომ კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს, რაც მათ კონკურენტუნარიანობას მიანიჭებს არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო შრომით ბაზარზე. ასევე, სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაშიც, მნიშვნელოვნად დაეხმარება სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრაში,“ - ამბობს ანა.

 

ქიმია/ბიოქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია/ბიოქიმიის პროგრამის ანალოგია. ლაბორატორიები თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც სტუდენტებს ლაბორატორიაში მუშაობის უნარ-ჩვევების მაღალ დონეზე განვითარების საშუალებას აძლევს. ანასთვის ყველაზე სასიამოვნო სწორედ ლაბორატორიაში მუშაობის პროცესია, სადაც სტუდენტები ექსპერიმენტებს პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა დამოუკიდებლად ატარებენ. შედეგების გაანალიზება კი, თვითგანვითარებასთან ერთად, თვითშეფასების ამაღლებაშიც ეხმარება. თსუ სტუდენტი საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას გეგმავს, მომავალში კი საკუთარ თავს „მწვანე ქიმიის“ დარგში ხედავს.

 

„მწვანე ქიმიის“ დარგი მდგრადი განვითარების პრინციპებზეა დაფუძნებული და გულისხმობს ქიმიური პროცესების შედეგად გამოყოფილი მავნე ნარჩენების რაოდენობის შემცირებას, დახარჯული ენერგიის მინიმუმამდე დაყვანასდა ა.შ. ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხია კლიმატის ცვლილება და მსურს მის შესაჩერებლად ჩემი წვილილიც შევიტანო,“ - აღნიშნავს ანა.

 

ანას მსგავსად, ინგლისურ ენაზე იღებს განათლებას თსუ სტუდენტი ნიკოლოზ ტაკიძე, თუმცა არა ქიმიის, არამედ ეკონომიკის მიმართულებით. ნიკოლოზი თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) სწავლობს. მან თბილისის მეექვსე საჯარო სკოლა დაასრულა, სადაც უცხო ენებს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. ამ გარემოებამ უმაღლესი განათლების ინგლისურ ენაზე მისაღებად მყარი საფუძველი შეუქმნა. მათემატიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული, თუმცა უმაღლეს საფეხურზე სწავლას სად გააგრძელებდა, ბოლო წუთამდე გადაწყვეტილი არ ჰქონდა. საბოლოოდ, ISET-ის საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამები მისთვის ყველაზე მიმზიდველი აღმოჩნდა. მოლოდინები გაუმართლდა.

 

„საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე ბევრს ამბობს ISET-ზე, საერთაშორისო ლიტერატურის გამოყენებით, უმაღლესი დონის ეკონომიკურ განათლებას იღებ. უამრავი გაცვლითი პროგრამა არსებობს სხვადასხვა ქვეყნაში. ასევე,ISET სტუდენტებს საშუალებას გვაძლევს მეოთხე კურსი ბრემენის უნივერსიტეტში გავიაროთ და ორმაგი ხარისხის დიპლომი მივიღოთ,“ - აღნიშნავს ნიკოლოზი.

 

ეკონომიკის სფეროში უმაღლესი დონის განათლების მიღების შესაძლებლობასთან ერთად, ნიკოლოზი განსაკუთრებულ ყურადღებას იმ მყუდრო და მეგობრულ გარემოზე ამახვილებს, რომელიც ISET-ში არსებობს.

 

„პანდემიის პირობებში სწავლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა ონლაინ სწავლებასთან ადაპტაცია კარგად მოხერხდა. 8 მაისიდან სწავლა აუდიტორიებში განახლდება. ამ დღეს მოუთმენლად ველოდები. ISET-ში არის სივრცეები, სადაც ლექციიდან ლექციამდე შეგიძლია დაისვენო, გამოელაპარაკო კურსელებს ან პინგ-პონგი ითამაშო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რამ, რაც ISET-მა მაჩუქა,“ - ამბობს თსუ სტუდენტი.

 

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას (ISET) პროფესიით დასაქმების 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. ამასთან ერთად, სწავლების პროცესის პარალელურად, სტუდენტებს სხვადასხვა კომპანიაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. ნიკოლოზ ტაკიძე ამჟამად სტაჟირების კურსს „ხალიკ ბანკში“ მცირე და საშუალო საწარმოების კრედიტ-მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე გადის. ბაკალავრის დიპლომის მიღების შემდეგ, სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებს, მომავალში კი საკუთარ თავს კერძო სექტორში მომუშავე ქცევით ეკონომისტად ხედავს.

 

„ISET-ს საქართველოში საუკეთესო ეკონომიკის პროგრამები აქვს და ეს საკმარისი მიზეზია აქ ჩასაბარებლად. აქ გატარებული დრო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იქნება ყოველთვის,“ - ამბობს ნიკოლოზი.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 უცხოენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს. თსუ არის პირველი უნივერსიტეტი ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ისტორიაში, რომელმაც პირველივე ჯერზე მიიღო ამერიკული აკრედიტაცია ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში. თსუ-სა და შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ ინგლისურენოვან, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამას "საჯარო მმართველობა" საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს (FIBAA) საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მეორედ, შვიდი წლისვადით აქვს მინიჭებული.თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საქართველოსა და რეგიონში პირველებმა მიიღეს FIBAA-ს ოფიციალური აკრედიტაცია.დღეისთვის რეგიონში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით.თსუ საბაკალავრო პროგრამა კი ქიმიაში პირველია საქართველოში, რომელმაც ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) სერტიფიცირება მიიღო.