Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური დაფინანსება უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებების შესახებ თსუ სტუდენტმა თამთა ერაძემ, ჯერ კიდევ ბაკალავრიატის საფეხურზე შეიტყო. აღმოაჩინა, რომ თსუ-ში  სახელმწიფო სტიპენდიების გარდა,  შიდა საფაკულტეტო  დაფინანსება და სხვადასხვა სტიპენდია არსებობდა.

 

დღეს უკვე იცის, რომ საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კონკურსში, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

 

თავად, როგორც მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტმა, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, უკვე მიიღო 1125 ლარიანი სემესტრული დაფინანსება. მომავალ სტუდენტებს კი ურჩევს, მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ სასწავლო მასალის შესწავლასა და გააზრებას, რაც ცოდნასთან ერთად, ასევე გაზრდის დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.

 

„რა თქმა უნდა, შიდა დაფინანსების მოპოვებას, გარკვეული სირთულეები ახლდა თან, მაგრამ მათი დაძლევა დროის უმეტესი ნაწილის სწავლისათვის დათმობითა და ყოველდღიური შრომით შევძელი. ამას გარდა, ლექტორებისგან მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რამაც კიდევ უფრო მეტად გამიადვილა სწავლის პროცესში არსებული გამოწვევების გადალახვა,“- ამბობს თამთა.

 

თამთა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის  განათლების ფსიქოლოგიისა და კვლევის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. თვლის, რომ როგორც ბაკალავრიატზე, ისე მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა, პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, დიდი პასუხისმგებლობაა.

 

„ბევრი გამოწვევა გვხდება გზადაგზა და მნიშვნელოვანია ამ გამოწვევებს პასუხისმგებლობით მოეკიდო. მათ დასაძლევად დიდი ძალისხმევის ჩადება და მიზანდასახულობაა საჭირო. სწორედ ამ კომპონენტებზე მიყოლით შევძელი როგორც ცოდნის ხარისხიანად მიღება, ისე - შიდა დაფინანსების მოპოვება,“- გვიყვება თამთა.

 

თამთასთვის სემესტრული დაფინანსების მიღება დიდი მოტივაციაა, ამ სასიხარულო ამბის გაგების შემდეგ, კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ერთდროულად სწავლასა და კვლევის განხორციელებას.

 

„ჩემი მოტივაცია გაიზარდა, თან ძალიან მომწონს ჩემი სასწავლო პროგრამა, თითქმის ყველა საგნის ფარგლებში ვატარებთ კვლევას და ვწერთ პროექტებს. ჩემი სამომავლო გეგმებიც კვლევას უკავშირდება, მსურს, ვიმუშაო  განათლების  დონეზე არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ, ინკლუზიური განათლების საკითხზე და ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებაში,“- გვეუბნება თამთა ერაძე.

 

ინფორმაცია საუნივერსიტეტო დაფინანსებების შესახებ თსუ სტუდენტებისთვის სემესტრის დასაწყისში ხდება ცნობილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გაწერილი თანხები, სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისად ყოველწლიურად ნაწილდება ფაკულტეტებზე. ფაკულტეტები კი მათ მიერ შემუშავებული წესის შესაბამისა დაფინანსებენ წარჩინებულ სტუდენტებს.

 

სტუდენტების სწავლის გადასახადის საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის 2022 წელს 700 ათასი ლარია გამოყოფილი; 2021წელს კი 821 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა.

 

2021 წელს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულპ როცესებში, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 256 866 ლარი, ხოლო სტუდენტების პრაქტიკასა და ექსპედიციისთვის - 88 279 ლარი გამოიყო.

 

 

სტიპენდიები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“: თვეში 150 ლარი (ერთი სემესტრის განმავლობაში, თითოეულზე 5 თვე – 750 ლარი (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო).

„ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია“ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი): 2022 წლის პირველი მარტიდან 2022 წლის პირველ მარტამდე: ერთი სტუდენტი მიიღებს თვეში 200 ლარს. წლიური 2400 ლარი; ( მიზნობრივი კერძო პირი.)

„მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდია“ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი): ერთი სტუდენტი თვეში მიიღებს 250 ლარს. 10 თვე - 2500 ლარი (მიზნობრივი კერძო პირი).

„პროფესორ მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდია“ (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი): ერთი სტუდენტი თვეში მიიღებს 250 ლარს, 5 თვე -  1250 ლარი (პროფესორ მამია ღაღანიძის სახელობის ფონდი);

კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია (იურიდიული ფაკულტეტი): ერთი სტუდენტი თვეში მიიღებს 300 ლარს, სემესტრში (5 თვე) 1500 ლარი (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო).

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტიპენდია (ეკონომიკური შემოსავლები) – ყოველთვიურად იცვლება სტუდენტების რაოდენობა და სტიპენდიის თანხა.

ვილნიუსის (ლიეტუვას რესპუბლიკა) უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში: 4 სტუდენტი მიიღებს თვეში 750 ლარს;

„ვარშავის (პოლონეთის რესპუბლიკა) და კარლოვის (ჩეხეთის რესპუბლიკა) უნივერსიტეტებსა და თსუ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად: 2022 წლის 7 მარტიდან 10 ივლისის ჩათვლით,  5 სტუდენტი  მიიღებს თვეში 1625 ლარს.

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის სტიპენდია: სტიპენდია  თვეში 300 ლარი. 10 თვე, სულ 3000 ლარი (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო).

„ვილნიუსის (ლიეტუვას რესპუბლიკა) და კარლოვის (ჩეხეთის რესპუბლიკა) უნივერსიტეტებსა და თსუ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად: 2020 წლის სექტემბრის თვიდან 2021 იანვრის თვემდე - 4 სტუდენტი, ჯამში 3668.75 ლარი; 2021 წლის მარტის თვიდან 3 სტუდენტი - თვეში 562.50 სასწავლო წლის ბოლომდე.

ჩინელი სტუდენტი: თვეში 800 ლარი, 9 თვე - 7200 ლარი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) დაფინანსება: 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის და 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სემესტრებში სწავლის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა, თითოეულ სემესტრში 350000 ლარი;

 

დოქტორანტურის საფეხური:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ერთი სემესტრის განმავლობაში, თითოეული ფაკულტეტიდან 5 დოქტორანტი ფინანსდება.  კანდიდატები შეირჩევიან აკადემიური შედეგების გათვალისწინებით. დოქტორანტებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ გარკვეული ფინანსური შეღავათებით, რომელიც    ფაკულტეტის საბჭოს მიერ, პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე დგინდება.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაფინანსდა  5 დოქტორანტი; დაფინანსება - 6328.12 ლარი

 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაფინანსდა 5 დოქტორანტი; დაფინანსება - 7031.25 ლარი

 

 

***

 

2022 წლისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (გარდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და ISET-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისა) სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია (საქართველოს მოქალაქეებისთვის).

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტის (2250 ლარი) მოპოვების შემთხვევაში სწავლა სრულად დაფინანსდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 70%-იანი (1575 ლარი) და 50%-იანი (1125 ლარი) სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, მიღებული გრანტის მოცულობა გამოაკლდება სწავლის საფასურს.

ასევე, უნივერსიტეტში მოქმედებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამები და არსებობს დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები.

 

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამები:

მასწავლებელთა მომზადების პროგრამა
მათემატიკა
ფიზიკა
ქიმია
ბიოლოგია
ეკონომიკა-ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე
ისტორია
ფილოლოგია-ქართული ენა და ლიტერატურა
ფილოსოფია
არქეოლოგია
დამატებითი კითხვებისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ თქვენი ფაკულტეტის ვებ გვერდს.