Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“როგორ შეიცვალა ქალაქის ურბანული იერსახე და ბუნებრივი გარემო?“ - თსუ დოქტორანტი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გეგმავს

დღეს, კარტოგრაფიის მეცნიერების განვითარებასა და ფართოდ გამოყენებაში თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

რუკათშექმნის პროცესი, რომელიც შორეული წარსულიდან დიდ ინტერესს იწვევდა ადამიანებში, 21-ე საუკუნეში დისტანციური ზონდირებისა და GIS ტექნოლოგიების გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. 

მეცნიერების ამ უძველესი დარგის პრაქტიკული საქმიანობით, თსუ სტუდენტი  ნინო ხარებავაჯერ კიდევ მაგისტრატურის საფეხურზე დაინტერესდა. თბილისში, XIX საუკუნიდან დღემდე, მწვანე საფარის სივრცით - დროით ანალიზთან ერთად, მან თბილისის მიწათსარგებლობის ცვლილებების ტენდენციები გამოავლინა, რის შემდეგაც  პროცესის უფრო ვრცელი და რეტროსპექტიული კვლევის ინტერესი გაუჩნდა.

სწორედ ასე გადაწყვიტა ნინო ხარებავამ დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელება. მისი კვლევითი პროექტი კი შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა.

ნინო ხარებავას თქმით, ამ საკითხების ირგვლივ მრავალწლიანმა კვლევამ აჩვენა,რომ მეცნიერულად დასაბუთებული მიწათსარგებლობის დარეგულირებით, თბილისში მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება აღმოიფხვრას.

„დედაქალაქში დღეს ადგილი აქვს არარაციონალურ და არამდგრად მიწათსარგებლობას, რისი შედეგიცაა რთული ეკოლოგიური ვითარება. ეს კი ისევ მოსახლეობისათვის არაკომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას განაპირობებს. ჩემი კვლევა, რომელიც უკავშირდება მიწათსარგებლობის სივრცე-დროით ანალიზს და მის ციფრულ კარტოგრაფირებას, სწორი ქალაქგეგმარებისათვის, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და ათვისებისათვის, ეკოლოგიური წონასწორობის დაცვისათვის და, შესაბამისად, მაცხოვრებლების კომფორტული გარემოს შექმნისათვის, მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის,“- ამბობს ნინო.

ამჟამად, ნინო ხარებავა  ნარატიული და გრაფიკული (ტოპორუკა, გენგეგმები) მასალების მოძიებით არის დაკავებული; ემზადება გრაფიკული მასალების აციფვრისათვის, უნდა შექმნას მონაცემთა ციფრული ბაზა და ადგილის ციფრული მოდელები (DEM);

„ჩემი კვლევა უპირველესად დისტანციურ ზონდირებას და GIS-ტექნოლოგიების გამოყენებას უკავშირდება.კვლევისასდისტანციური ზონდირების გამოსახულებებისდა თანამგზავრული გამოსახულების კლასიფიკაციის შესაბამისი ალგორითმი შეირჩევა;

დაგეგმილია მიწათსარგებლობის სივრცე-დროითი ცვლილების იდენტიფიცირება და კარტოგრაფირება (CORONA-ს, Landsat-ის, Sentinel-ის, Aster-ის და Google erath-ის მიერ 1960-იანი წლებიდან დღემდე მოწოდებულ სურათების დახმარებით),“- გვიხსნის ნინო და იქვე განმარტავს, რომ  კვლევის ეს მეთოდები დიდი მონაცემების ოპერატიულად დამუშავების შესაძლებლობას  დროის ხანმოკლე პერიოდში  იძლევა, ამასთან, ხდება  ოპერატიულად მათი შეფასება-ანალიზი.

„იქედან გამომდინარე, რომ სწრაფად ვითარდება და იცვლება გარემო, სწორედ დისტანციური ზონდირების მეთოდია მისი აღბეჭვდისათვის ჯერჯერობით ყველაზე სწრაფი და მართვადი, ასევე მოქნილი საშუალება,“- ამბობს იგი.

ნინო ხარებავა სურათების კლასიფიკაციის მეთოდების სიღრმისეულად გასაცნობად სამეცნიერო-კვლევით ვიზიტს  პროექტის სამეცნიერო კონსულტანტის - ლორენცა ფიუმის დახმარებით, იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოში (CNR) გეგმავს.

„ჩემი სადოქტორო ნაშრომისხელმძღვანელს - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის გამგეს, პროფესორ დალი ნიკოლაიშვილსა და თანახელმძღვანელს, გეოგრაფიის დოქტორ მარიამ ციცაგს არაერთი პროექტი აქვთ განხორციელებული დისტანციური ზონდირების მეთოდოლოგიების გამოყენებით.სწორედ მათი ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით მიმდინარეობს ჩემი პროექტი.

მარი ციცაგი CRN-თან თანამშრომლობით ხელმძღვანელობს პროექტს, რომელიც იტალიელ კოლეგებთან ერთად ურბანული მიწათსარგებლობის ცვლილებების მეთოდოლოგიის შემუშავებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტიდან მიღებული გამოცდილება კი ჩემი კვლევის განხორციელებაშიც შეიტანს დიდ წვლილს. დაგეგმილი გვაქვს იტალიელ კოლეგებთან ერთად ერთობლივი პუბლიკაციის გამოქვეყნებაც,“- გვეუბნება ის.

ნინო ხარებავა განმარტავს,რომ ამ პროექტზე მუშაობა, ერთი მხრივ, დარგში კვლევების სიმწირე და მეორე მხრივ, ახალი ცოდნის შექმნის აუცილებლობამ განაპირობა.

„ჩემი პრაქტიკული საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია კარტოგრაფიასთან, კერძოდ, მიწევს გეოინფორმაციული კარტოგრაფირების საკითხებზე მუშაობა. ეს მიდგომა დღეს შედარებით ახალია და ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად დამუშავებული. ჩემი დაინტერესება ამ გარემოებაც გამოიწვია. მსურს მაღალ დონეზე დავეუფლო თანამედროვე ტექნოლოგიებს და მის გამოყენებას რუკათშექმნის პროცესში, სრულყოფილად გავიაზრო გამოყენებით კარტოგრაფიაში არსებული გამოწვევები და ჩემი ცოდნა გავუზიარო ამ სფეროთი დაინტერესებულ როგორც პრაქტიკოს, ისე სტუდენტ-კარტოგრაფებს.

დეტალურად უნდა გაანალიზდეს თბილისის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის ცვლილებები უძველესი დროიდან დღემდე, შემუშავდეს მათი კარტოგრაფირების მეთოდები და შეფასდეს ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაციის ხარისხი და მისი სამომავლო გავლენა ქალაქის მოსახლეობაზე. ეს გახლავთ ჩვენი კვლევის სიახლე, რაც განხორციელების შემთხვევაში საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ როგორ შეიცვალა ქალაქის ურბანული იერსახე და  ბუნებრივი გარემო. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს ვისაუბროთ სამომავლო რეკომენდაციებზეც,“- ამბობს ნინო.