თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაშის ”რა? სად? როდის?” ფინალური შეხვედრა ქუთაისში პროფესიული სტუდენტების გუნდის “ფრონტი” გამარჯვებით დასრულდა.
თამაშში, რომელიც პროექტის „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში ჩატარდა, პროფესიული სტუდენტების 11 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის 6 გუნდი თბილისიდან და 5 ქუთაისიდან.
ინტელექტუალური მარათონის მონაწილეებს მიესალმნენ და გამარჯვება მიულოცეს თსუ რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ. თამაშის მონაწილეებს და გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
პროექტი „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება, რამდენიმე აქტივობას მოიცავს და პროფესიული სტუდენტების პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად ექსტრაკურიკულური აქტივობებში და შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.