საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სწავლებისა და შეფასების ინტერაქტიული ინსტრუმენტები ონლაინ

 

1. Socrative

Socrative არის სისტემა, რომელიც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს შექმნან ინტერაქტიული სავარჯიშოები, საგანმანათლებლო თამაშები, ტესტები, კითხვარები და რეალურ დროში წინასწარ შედგენილი კითხვარის საშუალებით ერთდოულად გამოკითხონ რამდენიმე სტუდენტი (უფასო პაკეტი საშუალებას იძლევა ერთდროულად ჩავრთოთ 50 სტუდენტი). შეკითხვებს წინასწარ აქვთ მინიჭებული ქულები და კითხვარის შევსების შემდეგ ავტომატურად ანგარიშდება თითოეული სტუდენტის მიერ მიღებულ ქულათა ჯამი.  Socrative კარგი ინსტუმენტია როგორც ინტერაქტიული სწავლებისათვის ასევე სასემინარო ან შუალედური შეფასებისათვის, განსაკუთრებით, როდესაც ბევრი სტუდენტია შესაფასებელი. Socrative-ში შესაძლოა სხვადასხვა ტიპის შეკითხვების შექმნა. პასუხები შეიძლება იყოს „მართალია ან ტყუილია“, მრავლობითი პასუხიდან ასარჩევი ან მოკლე ტექსტიც კი. სტუდენტებს მონაწილეობა ნებისმიერი მოწყობილობით შეუძლიათ, იქნება ეს სმარტფონი, ლეპტოპი თუ ტაბლეტი. ამისათვის სტუდენტებმა ერთჯერადად უნდა შექმნან საკუთარი ანგარიში (სტუდენტებისათვის სრულიად უფასოა რეგისტრაცია), სავარჯიშოს შესასრულებლად კი უნდა შევიდნენ საკუთარ ანგარიშზე და შეიყვანონ კონკრეტული სავარჯიშოსთვის ლექტორის მიერ მიცემული კოდი, რის შემდეგაც უკვე შეძლებენ კითხვებზე პასუხების გაცემას. Socrative-ს ასევე აქვს ფუნქცია, ყოველი სტუდენტისათვის სხვადასხვა თანმიმდევრობით დააწყოს შეკითხვები.

 

ვიდეო ინსტრუქციები:

https://youtu.be/1wkDwbWM_YQ

https://www.youtube.com/watch?v=upY8uG3NFfY

 

2. Google Forms

Google Forms აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, თუმცა საკმაოდ მოსახერხებელია მისი, როგორც შეფასების ინსტრუმენტის გამოყენება საგანმანათლებლო მიზნებით.  Google forms-ის ხიბლი მისი გამოყენების სიმარტივეა, განსაკუთრებული ინსტრუქციების გარეშეც შესაძლებელია კითხვარის შედგენა პირველივე გამოყენებისთანავე.  შეფასების კითხვარის შესადგენად Google forms-ში მოცემული შაბლონებიდან ვირჩევთ შეფასების დოკუმენტს, ვარქმევთ სახელს და ვავსებთ შეკითხვებისა და სავარაუდო პასუხების ველებს, წინასწარ შეგვიძლია მოვნიშნოთ სწორი პასუხები, რათა ავტომატურად მოხდეს სტუდენტთა მიერ გაცემული პასუხების შეფასება. Google forms-იც ისევე როგორც Socrative გვაძლევს საშუალებას სხვადასვა ტიპის შეკითხვები გამოვიყენოთ შეფასების კითხვარის შედგენისას და ასევე საკმაოდ მოსახერხებელი ინსტრუმენტია ბევრი სტუდენტის მოკლე დროში შესაფასებლად. ყოველი პასუხი ინახება და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მათი გადახედვა.

 

ვიდეო ინსტრუქცია:

https://youtu.be/xEY10Ub-k-U

 

3. Mentimeter

Mentimeter უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მასწავლებლებსა და ტრენერებს შორის. მას აქვს წინასწარ შექმნილი შაბლონების ბაზა (შეფასების კითხვარები, ყინულის დნობის აქტივობები, ტესტები, ლექციისა თუ ტრენინგის შეფასების კითხვარები და ა.შ.), რომელთა არჩევაც შეგვიძლია ჩვენი მიზნების გათვალისწინებით და შესაბამისად მათი გამოყენება სტუდენტთა ტესტირებისათვის, ჩართულობის გასაზრდელად და ა.შ. Mentimeter-ში შეგვიძლია შევქმნათ სახალისო და ინტერაქტიული პრეზენტაციები, რომელთა გამოყენებაც სწავლების პროცეს სახალისოდ აქცევს. გამოსაყენებლად ძალიან მარტივია როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე სტუდენტებისათვის.

 

ვიდეო ინსტრუქცია:

https://youtu.be/vb48V28mASs

 

4. Moodle

უმაღლესი განათლების სისტემაში საკმაოდ კარგად ნაცნობი პლატფორმაა Moodle. მუდლში სამუშაოდ საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, რის შემდეგაც შეგვიძლია შევქმნათ მთლიანი კურსები სხვადასხვა ტიპის სასწავლო მასალის თანხლებით. Moodle გვაძლევს საშუალებას, სტუდენტებთან ვიქონიოთ ასინქორონული კომუნიკაციაც, გავუგზავოთ და მივიღოთ დავალებები და ასევე შევქმნათ ტესტები. ისევე როგორც აქამდე განხილულ პლატფორებზე, მუდლშიც შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის შეკითხვების გენერირება.

 

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შედგენილი ტესტების შედგენის ინსტრუქცია:

https://tsu.ge/assets/media/files/65/Quality_Assurance/Shida_Usrunvelyofa/E-Learning/MOODLE_Quizzes.pdf

 

5. Kahoot!

Kahoot! არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ემყარება თამაშებსა და შეკითხვებს. ამ ინსტრუმენტის საშუალებით მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან კითხვარები, დისკუსიები ან ტესტები, რომლებიც ავსებენ აკადემიურ გაკვეთილებს. Kahoot! ძალიან სახალისოა, რაც ზრდის სტუდენტების ჩართულობას. მისი დინამიური, სოციალური და სახალისო საგანმანათლებლო გარემო ერთნაირად საინტერესოა ყველასათვის, მასში ერთნაირი ხალისით ერთვებიან როგორც დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ასევე ზრდასრულებიც. მოსახერხებელია სემინარებზე გამოკითხვის საწარმოებლად. გარდა იმისა, რომ მასწავლებელს უქმნის წარმოდგენას თუ რა და როგორ გაიგეს სტუდენტებმა, სტუდენტებსაც ეხმარება მასალის უკეთ აღქმაში. გარდა სპეციალურად შექმნილი ტესტებისა, უამრავი მზა ტესტის მოძიება და გამოყენებაცაა შესაძლებელი Kahoot!-ში. სტუდენტებს ონლაინ ტესტებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა ტიპის მოწყობილობით, რომელსაც ინტერნეტთან აქვს წვდომა (სმარტფონი, პლანშეტი, ლეპტოპი). Kahoot!-ში გამოკითხვის დასაწყებად საკმარისია დავიწყოთ ჩვენ მიერ წინასწარ შექმნილი ტესტი, ავტომატურ რეჟიმში მოხდება კონკრეტულ ტესტირებაში ჩასართავად აუცილებელი კოდის გენერირება, რომელიც სტუდენტებმა უნდა შეიყვანონ Kahoot.it გვერდზე (შესაძლებელია აპლიკაციის გადმოტვირთვაც) და სინქორნულ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა გამოკითხვაში. აქვს უფასო და ფასიანი პაკეტები. უფასო პაკეტი მხოლოდ ორი ტიპი შეკითხვის („მართალია თუ ტყუილია“ და არჩევანი ოთხი შესაძლო პასუხიდან) შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს, თუმცა შესაძლებელია ტესტების ვიზუალური მასალით გამდიდრებაც, რაც საკმაოდ მრავალფეროვან დატვირთვას სძენს კითხვარს.

 

ვიდეო ინსტრუქცია:

https://kahoot.com/blog/2019/03/04/how-to-get-started-with-kahoot/

 

ყველა ზემოთ აღწერილი ონლაინ პლატფორმისა თუ ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია Zoom-თან კომბინაციაში.

 

მოამზადა: ქეთი ცინცაძე, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის კონსულტანტი, ტრენერი, თსუ მოწვეული ლექტორი.

თარიღი: 04/12/2020