ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც უნივერსიტეტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს და დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით ოპერირებს. 2022 წლიდან სტუდენტური ომბუდსმენის პოზიციაზე სამართლის დოქტორი ირაკლი სამხარაძე დაინიშნა.
სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი თსუ-ში სტუდენტის განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების, ასევე სხვა ამ უფლებასთან დაკავშირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მექანიზმია. ინსტიტუტის სახელმძღვანელო ღირებულებებია: დამოუკიდებლობა, ნეიტრალურობა, კოლეგიალობა, კონფიდენციალურობა და აკადემიური კეთილსინდისიერება.
სტუდენტური ომბუდსმენისადმი მიმართვიანობა ნებაყოფლობითია და საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის ფაქტების გამოვლენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამგვარ ფაქტებზე რეაგირება და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის დასკვნებისა და სარეკომენდაციო წინადადებების წარდგენა ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სრულფასოვნად განხორციელების უზრუნველსაყოფად. ომბუდსმენი მონაწილეობას მიიღებს სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით წარმოქმნილ კონფლიქტურ ურთიერთობებში და მხარეებს შორის მედიატორის (შუამავლის) ფუნქციას შეასრულებს.