საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როგორ წარმოგიდგენია საბავშვო უნივერსიტეტი (კონკურსი)

როგორ წარმოგიდგენია საბავშვო უნივერსიტეტი?
(აღნიშნული პროექტი ხორციელდება საბავშვო უნივერსიტეტების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით - 11 აპრილი)  

მეგობრებო,
თქვენთვის ცნობილია მრავალი თემატური კონფერენცია, ესსეების კონკურსი, სხვადასხვა გამოკითხვა, რომლებსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საბავშვო უნივერსიტეტი“ ატარებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის უფროსკლასელებისათვის სხვადასხვა საგანში.
 ამჯერად ჩვენი მიზანი განსხვავებულია. ჩვენთვის საინტერესოა გავიგოთ თქვენი (მე-7-დან  -  მე-12 კლასელი მოსწავლის) შეხედულებები და მოსაზრებები თავად საბავშვო უნივერსიტეტზე. ერთი სიტყვით, გვინდა თქვენი მოსაზრება თემაზე - „როგორ წარმომიდგენია, როგორი უნდა იყოს საბავშვო უნივერსიტეტი“. თუ ეს საკითხები თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, ფიქრობთ რომ ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს საუნივერსიტეტო, სტუდენტურ ცხოვრებას, დაფიქრდით და შეეცადეთ თქვენი გულწრფელი მოსაზრება ჩამოაყალიბოთ პატარა თხზულების სახით. თქვენი მოსაზრებები დაგვეხმარება, რათა შევქმნათ ის პროექტები რომელიც თქვენს ინტერესებს მოერგება.  
იმედი გვაქვს თქვენი მონაწილეობის!

 თხზულების დაწერაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული სავარაუდო კითხვები:

  • თქვენი აზრით,  საჭიროა მოსწავლეს ჰქონდეს წვდომა საუნივერსიტეტო სირცეზე?
  • როგორ ფიქრობთ, საგნები, რომელსაც სწავლობთ, საჭიროებს თუ არა დამატებით საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას?
  • რა სახით უნდა ითანამშრომლოს მოსწავლემ და უნივერსიტეტმა?
  • როგორ ფიქრობთ, რა ცოდნა, უნარები და ჩვევები გჭირდებათ, რომელზე წვდომის შესაძლებლობა საბავშვო უნივერსიტეტის საშუალებით მიიღწევა.
     
  • თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საბავშვო უნივერსიტეტი?
  • როგორ საუნივერსიტეტო გარემოში იგრძნობდით თავს კომფორტულად?
  • რა სახის პროექტებს უნდა ანხორციელებდეს უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისათვის?
  • თქვენი აზრით, აქვს თუ არა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტს თქვენთვის საინტერესო აქტივობები?
  • თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება უნივერსტეტის მოსწავლეებთან / სკოლებთან ურთიერთობა?
     
  • წარმოიდგინეთ, რომ ხართ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რა სახის პროექტს / აქტივობას განახორციელებდით მოსწავლეებისათვის?
  • თქვენ რომ იყოთ განათლების მინისტრი, როგორ დაახლოებდით სკოლას და უნივერსიტეტს ერთმანეთთან?

მეგობრებო, კითხვები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სავარაუდოა, რათა გაგიადვილდეთ ნაშრომის შესრულება. შეგიძლიათ მათგან ის გამოიყენოთ, რომელიც თქვენი თემის აგებისას დაგჭირდებათ, შეგიძლიათ სხვა, თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვა ან საკითხი დაამატოთ. ნაშრომის შესრულებისას თავისუფალი ხართ არჩევანში. ასევე თავისუფლები ხართ ტექსტის მოცულობაში. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად 3 ნაბეჭდ გვერდს ნუ გადააცილებთ. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ნაშრომი სათაურს პასუხობდეს.
გისურვებთ წარმატებას!

გაითვალისწინეთ: თხზულების ავტორი უნდა იყოს მე-7  -  მე-12 კლასელი

თხზულება უნდა შესრულდეს Sylfaen შრიფტით, ზომა 11, უნდა ახლდეს ავტორის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ელ.მისამართი.
თხზულებას გამოგზავნით ელ. მისამართზე juniorplus@tsu.ge
თხზულების გამოგზავნის ბოლო ვადაა 8 აპრილი, 18.00 სთ.
შერჩეული თხზულებების ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 11 აპრილს საბავშვო უნივერსიტეტების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მოსწავლეთა კონფერენციაში. (მონაწილეს ინფორმაცია მიეწოდება 10 აპრილს დღის 12:00 საათამდე).

#idcu #childrensuniversity #eucunet #თსუ #თსუსაბავშვოუნივერსიტეტი

თარიღი: 04/04/2024