2025 წლის 21 -26 ივლისი, თსუ
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის 2025 წლის 21-26 ივლისს მართავენ ერთკვირიან მეორე საერთაშორისო საზაფხულო სკოლას სოციოლინგვისტიკაში. სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლა იმუშავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.
საზაფხულო სკოლა სოციოლინგვისტიკაში მიზნად ისახავს ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ეთნოლოგია-ეთნოგრაფიისა და სოციოლოგიის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სადოქტორო პროგრამის შემდგომი პერიოდის სპეციალისტებს მისცეს ცოდნა სოციოლინგვისტიკის თეორიასა და პრაქტიკაზე, ენობრივ კონტაქტთა სახეებსა და შედეგებზე, ლინგვისტურ სიტუაციაზე, სახელმწიფოში ენათა იერარქიაზე, ენობრივ პოლიტიკასა და ადამიანის ენობრივ უფლებებზე.
სალექციო კურსების ძირითადი თემატიკა:
სოციოლინგვისტიკა ისტორიულად და დღეს;
სოციოლინგვისტური მეთოდოლოგიები;
ერთენოვნება, ორენოვნება, დიგლოსია და მრავალენოვანი საზოგადოება;
ენობრივი კონტაქტები, კონფლიქტები და მათი მართვა;
ლინგვისტური გეოგრაფია; ენათა წარმომავლობა, ენობრივი მრავალფეროვნება და ენის სიკვდილი;
ცალკეული ქვეყნების კვლევა ენობრივი პოლიტიკის თვალსაზრისით;
ისტორიული პერსპექტივის თეორიული ჩარჩო სოციოლინგვისტიკაში;
სუბსტრატი, ერთი ენიდან მეორე ენაზე გადასვლა, ელიტური მრავალენოვნება;
ენა და კოლონიალიზმი; პოსტკოლონიური ენობრივი პოლიტიკა;
ენის ნორმები და იდეოლოგიები; ენის სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია.
ძალაუფლება, იდენტობა და გამძლეობა; გლობალიზაცია და ენათა მომავალი.
სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის ინგლისურის ცოდნა აუცილებელია, რადგან სალექციო კურსები იკითხება ინგლისურ ენაზე.
მინიმალური მოთხოვნა:
ენათმეცნიერების ან სოციოლოგიის საწყისი ცოდნა.
სტუდენტთა რეგისტრაცია სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლაში
სტუდენტთა განაცხადები მიიღება 2025 წლის 16 ივლისამდე ონლაინ განაცხადის ფორმის გამოყენებით:
ქართულად: https://shorturl.at/5GRJp
ინგლისურად: https://shorturl.at/X0wU7
ან აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს სამოტივაციო წერილი ელმისამართზე: gashol.ge@gmail.com