საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის – კავკასიაში პირველი აკადემიური იურიდიული სკოლის სტუდენტობას! 

 


იურიდიული ფაკულტეტი ასწლოვან ასაკს ითვლის და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი აკადემიური ტრადიციების გათვალისწინებით, განათლების ბაზარზე მოთხოვნის, სწავლების ხარისხის, კურსდამთავრებულთა დასაქმებისა თუ სხვა მაჩვენებლებით იგი ლიდერია. იურიდიული ფაკულტეტი თქვენ მოგცემთ ფუნდამენტურ ცოდნას, რომელიც თქვენი პროფესიული წარმატების საწინდარია. აქ თქვენ შეხვდებით იმ პროფესორებს, რომლებიც ქმნიან ქართულ იურისპრუდენციას. სტუდენტობის წლებში თქვენ შეიძენთ მეგობრებს, რომლებიც ცხოვრების მანძილზე გაჩუქებენ სიყვარულსა და პროფესიულ მხარდაჭერას.

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტი - consortium omnis vitae - მთელი ცხოვრების თანამეგობრობა. 

 

პირველ ეტაპზე, აუცილებელია სრულად გაიაროთ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია, რისთვისაც გთავაზობთ რამდენიმე რჩევას: 

• 2021 წლის 6 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იწარმოება ონლაინ ადმინისტრაციული რეგისტრაცია.


მოგმართავთ თხოვნით, რეგისტრაცია გაიაროთ 14 სექტემბრის 18 საათამდე.


• პირველ რიგში, შეავსეთ სტუდენტის ელექტრონული ანკეტა და ატვირთეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნივერსიტეტის ვებგვერდზე:

ა) ხელმოწერილი ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ (აუცილებელია, შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი და ხელმოწერილი დოკუმენტი ატვირთოთ შესაბამის გრაფაში).
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი;
დ) ფოტოსურათი (3x4);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის); 
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
ზ) არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი მშობელი (წარმომადგენელი), სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში. 

• მიაქციეთ ყურადღება, ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (უპირატესად ტელეფონის ნომერი) სწორად იყოს მითითებული, რათა შეძლოთ ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფორმაციის დროული მიღება.

• შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბრამდე სრულად უნდა გადაიხადოთ სწავლის სემესტრული საფასური „TBC ბანკის“, „საქართველოს ბანკისა“ ან „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში. ასევე, „საქართველოს ბანკის“, „ლიბერთი ბანკისა“ და „TBC Pay“ (სწრაფი ჩარიცხვის) აპარატების მეშვეობით. სწავლის გადახდასთან, დაფინანსების პროგრამებთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ უნივერსიტეტის ცხელ ხაზს: 2 250484. 


• აკადემიური რეგისტრაცია - სასწავლო საგნების არჩევა: აკადემიური რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება ფაკულტეტის ვებგვერდსა (→ https://tsu.ge/ge/faculties/law) და LMS.TSU.GE ბაზის საინფორმაციო დაფის განყოფილებაში.

 ამასთან, გაცნობებთ, რომ ბაკალავრიატის სალექციო მეცადინეობების ცხრილი განთავსდება ფაკულტეტის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, 17:00 საათზე. სალექციო ნაკადების არჩევას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ 17 სექტემბერს, 17:00 საათიდან. აკადემიური რეგისტრაცია ხორციელდება ბაზაში LMS.TSU.GE, საიდანაც უნდა აირჩიოთ სასურველი საგნები (შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტის ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერით). გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „prior in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). მომდევნო დღეებში საჭიროების შემთხვევაში მოხდება სალექციო დისციპლინებზე ადგილების დამატება და არცერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე. სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად. თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ, მოგვწეროთ LMS.TSU.GE ბაზიდან. ამისათვის საგნის გასწვრივ მონიშნეთ ღილაკი „მოთხოვნები საგანზე“ და გამოგზავნეთ განცხადება. 
სასწავლო პროცესი 20 სექტემბერს დაიწყება ონლაინ რეჟიმში (დისტანციური ვიდეოსაკონფერენციო საშუალებით „Zoom “), Zoom-ის პლატფორმის გამოსაყენებლად აპლიკაციაში აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ მეილისა და პაროლის მეშვეობით, რომელიც ასახულია LMS.TSU.GE ბაზის პირველივე გვერდზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ Zoom-ის აპლიკაციაში მიუთითოთ სახელი და გვარი ქართულად. Zoom-ის აპლიკაციის გამოყენების ინსტრუქცია იხ. ფაკულტეტის ვებგვერდზე. 
ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამიდან ჩარიცხულ სტუდენტებს მათი ჩარიცხვის ბრძანებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს მაია მეტრეველს, (ტელ.: 595 903 343). 

პირველი კურსის პირველ სემესტრში რეკომენდებულია შემდეგი საგნების გავლა: 
•    შესავალი სამართლისმცოდნეობაში (სავალდებულო); 
•    შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (სავალდებულო); 
•    შესავალი სამოქალაქო სამართალში (სავალდებულო); 
•    ქართული სამართლის ისტორია (სავალდებულო); 
•    უცხო ენა - ინგლისური/გერმანული/ფრანგული/რუსული (სავალდებულო); 
•    რომის სამართლის საფუძვლები (სავალდებულო). 


სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფს, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 250484.

ინფორმაციის/კონსულტაციის მისაღებად სტუდენტს შეუძლია, გამოიყენოს LMS.TSU.GE ბაზა. მიაქციეთ ყურადღება, რომ განაცხადი უნდა გამოიგზავნოს შეტყობინების შინაარსის რელევანტური კატეგორიის გრაფიდან. ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებით მოიწერეთ კატეგორიიდან „ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები“. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით უნდა გამოიყენოთ გრაფა „IT support “. დეკანთან კომუნიკაცია შესაძლებელია გრაფიდან „მისწერე დეკანს“. 

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში  

 

 FBTSU.Faculty.of.Law

 Instagram: tbilisistateuniversity_law 

 

სტუდენტებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით Facebook გვერდთან შექმნილია სტუდენტთა მომსახურების ჯგუფი, საიდანაც მიიღებთ ინფორმაციას სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე:
თსუ იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელთა მხარდაჭერის ჯგუფი 2021 
 

საყურადღებო ინფორმაცია: 
1. იხ. თსუ სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი: www.tsu.ge 
2. იხ. სამართლის საბაკალავრო პროგრამა (იურიდიული ფაკულტეტის ვებ. გვერდი):
3. ეთიკის კოდექსი

 გისურვებთ წარმატებებს!
 

თარიღი: 05/09/2021