საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

ამონაწერი იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმიდან №21

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 28 ოქტომბრის №120/2013 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭო აცხადებს:

1. გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტის) დეკანის არჩევნები;
2. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2021 წლის 30 დეკემბერს, 16:00 საათიდან 19:00 საათამდე;
3. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველ პირთა განცხადებების მიღება მოხდეს 2021 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით (10:00 საათიდან 17:00 საათამდე) იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, რომლის მისამართია ქ. თბილისი 0128, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ I კორპუსი, ოთახი №118;
4. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
4.1. განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის სახელი და გვარი (ვინაობა), საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება;
4.2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (არაუმეტეს 5 გვერდისა / 1500 სიტყვისა);
ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
ზ) ორი რეკომენდაცია.
4.3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი წინამდებარე განცხადების მე-3 მუხლში დადგენილ ვადაში ფაკულტეტის კანცელარიაში სრულყოფილად წარმოადგენს ამავე განცხადების 4.1 და 4.2 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტაციას;
5. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 28 ოქტომბრის №120/2013 დადგენილებით.
6. წინამდებარე გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64 (მე–12 კილომეტრი)). გადაწყვეტილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თარიღი: 26/11/2021