თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელშიც ამერიკის და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 120-მდე წარმომადგენელი: პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობენ.
ამერიკისმცოდნეობის 25-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის „როგორ ვხედავთ ამერიკას გარედან“ მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს. სამდღიანი ღონისძიების განმავლობაში იმუშავებს აშშ-საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ისტორიის, ლიტერატურისა და ენის, კულტურის, სოციალური საკითხების, ფილოსოფიის, ჟურნალისტიკის, არქიტექტურის, ეკონომიკისა და მედიცინის სექციები.
კონფერენციის გახსნაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აშშ-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თსუ უკვე თანამშრომლობს აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტთან. „თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტს შორის მიმდინარე ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩვენი სტუდენტები მიემგზავრებიან ტეხასის უნივერსიტეტში; სან დიეგოს უნივერსიტეტთან ვახორციელებთ ერთობლივ პროგრამას; ასევე ვთანამშრომლობთ ჰარვარდის უნივერსიტეტთან საზაფხულო სკოლის ფარგლებში. თსუ-ის დელეგაცია ახლაც აშშ-ში იმყოფება, სადაც დიდი საუნივერსიტეტო გამოფენა იმართება და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებს მართავს, რათა უფრო მეტი ამერიკული უნივერსიტეტი გახდეს ჩვენი პარტნიორი“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ. რექტორმა ასევე ასევე ხაზი გაუსვა ამერიკისმცოდნეობის მიმართულების მნიშვნელობას უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის. „თსუ ლიდერია ამერიკისმცოდნეობის შესწავლის მიმართულებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ჩვენი მეცნიერები, მკვლევრები ძალიან ბევრს მუშაობენ ამ მიმართულებით“.
ამერიკისმცოდნეობის 25-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით იმართება, რომელიც პროფესორ ვასილ კაჭარავასა და პროფესორ თემურ კობახიძის ხსოვნას ეძღვნება.
ღონისძიებას თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, ამერიკისმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი ელენე მეძმარიაშვილი, ქართველი და ამერიკელი პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები ესწრებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება სამი პლენარული სხდომა, რომელზეც გაკეთდება მთავარი მოხსენებები, მიძღვნილი აშშ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისადმი, ანუ როგორ ვხედავთ ამერიკას საქართველოდან და როგორ ხედავენ ჩვენს რეგიონს, საქართველოს ამერიკიდან.