ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს. თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრნენ, სადაც წელს თსუ-ს 250-მდე სტუდენტი იმყოფება.
სტუდენტებთან შეხვედრისას მინისტრმა და თსუ-ს რექტორმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სასწავლო პროცესში, თანამედროვე სტუდენტური ინფრასტრუქტურის განვითარება, ქართული ენის სწავლების გაძლიერების გზები, ევროპასთან გაცვლითი პროგრამები და ახალგაზრდების სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობები.
საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა, მათთვის მნიშვნელოვან თემებზე მინისტრისგან და უნივერსიტეტის რექტორისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.სტუდენტებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები.
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში იქნებიან, სადაც საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.