საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განათლების მინისტრის და რექტორის შეხვედრა უნივერსიტეტელებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თსუ რექტორთან, აკადემიკოს ჯაბა სამუშიასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად უნივერსიტეტსა და უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

მინისტრთან შეხვედრას თსუ-ს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები, შვიდივე ფაკულტეტის დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის, უნივერსიტეტების  დაფინანსების მოდელი და სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტული მიმართულებების  საკითხი. მინისტრი ასევე შეეხო ინტერნაციონალიზაციის პროცესს უნივერსიტეტებში. ისაუბრა ერასმუს პლუსის პროგრამის შესაძლებლობებზე, ონლაინ და დისტანციური სწავლების განვითარებაზე, უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამებზე.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გიორგი ამილახვარმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხა და საუნივერსიტეტო გამოწვევებზე ერთობლივად მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

შეხვედრის ფარგლებში რექტორმა ჯაბა სამუშიამ მინისტრს და საუნივერსიტეტო საზოგადოებას სიახლეები გააცნო და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. რექტორი შეეხო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას სტიპენდიების გაორმაგებისა და სტატუსშეჩერებული სტუდენტების დაფინანსების საკითხს. მისი  ინფორმაციით, თსუ-ში დაწყებულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რის შედეგადაც უახლოეს მომავალში სრულად მოეწყობა ყველა სასწავლო სივრცე. რექტორმა ყურადღება გაამახვილა სტუდენტური საცხოვრებლისა და ახალი ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობაზე. ისაუბრა თსუ მედიცინის ფაკულტეტისთვის საკუთარი კლინიკის შესყიდვაზე, მე-6 კორპუსის რეაბილიტაციაზე, შიდა და გარე სივრცეების, სტუდენტური კუთხეების მოწყობაზე ყველა კორპუსში. მისი თქმით, დაგეგმილია საგამოცდო ცენტრის რეაბილიტაცია და აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით, რაც შესაძლებელს გახდის გამოცდების ელექტრონული ფორმატით ჩატარებას.

თარიღი: 17/10/2023