ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია პროექტის მონაწილეებს შეხვდა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს დაბრუნებას თქვენს სკოლაში, უკვე ახალი გამოცდილებით და იმ მიზნით, რომ ეს გამოცდილება გაუზიაროთ მათ, ვისაც ეს ახლა სჭირდება. თქვენ წარადგენთ თქვენს უნივერსიტეტს თქვენივე სკოლაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისიაა.“
მიმდინარე წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი 500-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საბოლოოდ კი 250-მდე მონაწილე შეირჩა და მოიპოვა დესპანის სტატუსი.
სტუდენტური პროექტი „თსუ დესპანი“ უკვე თხუთმეტი წელია ხორციელდება. მისი მიზანია, რომ თსუ-ის სტუდენტებმა IX-XII კლასის მოსწავლეებს გააცნონ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიები და სტუდენტური ცხოვრება.
„თსუ დესპანი 2026“-ის ფარგლებში სტუდენტების შეხვედრები სკოლებში 15 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით გაიმართება.