საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დოქტორანტთა წარმატება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების საგრანტო კონკურსში ტრადიციულად ლიდერობენ. 2023 წლის კონკურსში გამარჯვებული 38 პროექტიდან 18 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 47%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს ეკუთვნით.

 

კონკურსის მიზანია, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.

 

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტების დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებებში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

 

2022 წლის კონკურსის შედეგებით, დაფინანსებული 98 პროექტიდან - 35 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 35%) თსუ-ის სტუდენტებს ეკუთვნოდათ.

თარიღი: 20/10/2023