საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის ხელოვნური ინტელექტის საუნივერსიტეტო სტრატეგიის სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის სტატეგიის განხილვის მიზნით, თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას, ფაკულტეტების დეკანების და ადმინისტრაციის წარმომადგენლების შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

ჯაბა სამუშიამ შეხვედრაზე ისაუბრა თსუ-ის ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის მნიშვნელობაზე, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების ტრანსფორმაციას უკავშირდება. მან ხაზი გაუსვა, რომ სტრატეგია ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას და უნივერსიტეტში ინოვაციური, უსაფრთხო და ეთიკური გარემოს შექმნას, როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის. ამასთან, ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ თსუ-ის მიზანია ევროპულ გამოცდილებასთან მაქსიმალური დაახლოება და ახალი სტანდარტების დანერგვა, რაც უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს კვლავ ლიდერი იყოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც.

 

 შეხვედრაზე ზვიად გაბისონიამ ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ დოკუმენტების გაციფრულების პროექტზე, რომელიც გულისხმობს საქართველოში გაცემული დიპლომების ციფრული ასლების გენერირებას და საერთაშორისო აღიარებას. „ხელოვნური ინტელექტი არის გლობალური გამოწვევა, რომლის მართვაც მოითხოვს პასუხისმგებლიან მიდგომას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ხდება საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებისთვის,“ – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

 

თსუ პირველი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიაზე მუშაობს. უნივერსიტეტი ამ მიმართულებით ევროპული რეგულაციების გამოცდილებას ეყრდნობა, განსაკუთრებით ევროკავშირის მიერ 2024 წელს მიღებულ ხელოვნური ინტელექტის აქტს, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის მკაცრ სტანდარტებს, რისკების კლასიფიცირებას და განათლების სექტორისთვის საჭირო პასუხისმგებლობების განსაზღვრას მოიცავს.

თარიღი: 15/09/2025