საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს საკალათბურთო გუნდმა ფიბა ევროპის თასზე კვიპროსის კერავნოსი დაამარცხა

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკალათბურთო გუნდი ევროტურნირზე ასპარეზობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა, ფიბა ევროპის თასის გათამაშებაში მონაწილეობს. ტურნირის მე-2 ტურის მატჩი, თბილისი არენაზე გაიმართა და „თსუ-მ“ დაძაბულ ბრძოლაში კვიპროსის კერავნოსი 63:60 დაამარცხა.
 

გუნდს 22 ქულა კახა ჯინჭარაძემ მოუტანა. 7 ქულა და 14 მოხსნა ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზეა. გიორგი ტურძილაძემ შეხვედრა 11 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც თსუ-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, 9 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა.
 

სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისთვის მე-2 მატჩი იყო ფიბა ევროპის თასზე. პირველ ტურში თსუ გერმანიის ქალაქ გიოტინგენში, ამავე სახელწოდების გუნდთან ბრძოლაში - 81:86 დამარცხდა. გუშინდელ ტურში გიოტინგენმა ჯგუფის მე-4 წევრი, იტალიური ვარეზე სტუმრად 91:79 დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მეორე-მესამე ადგილებს ვარეზე და თსუ იყოფენ, კვიპროსის კერავნოსი კი, 2 წაგებით ბოლო ადგილზეა.
 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო შემადგენლობა სრულად გადახალისდა და გუნდი ახალი შემადგენლობით წარსდგა ევროტურნირებზე.
 

შემდეგ ტურში თსუ იტალიაში ვარეზეს შეხვდება. მატჩი 2 ნოემბერს, ქალაქ ვარეზეში, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

თარიღი: 26/10/2023