რუბრიკა „უნივერსიტეტელის“ დღევანდელი გმირი ანა თევზაძეა - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების ქართულ-ფრანგული პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტი, რომელიც მისი ასაკის მიუხედავად უკვე საკმაოდ საინტერესო იდეების განხორციელებაზე მუშაობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ქართულ-ფრანგული პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ დასრულების შემდეგ ანა ორმაგი - ევრი ვალ დ’ესონის (Évry Val d'Essonne) უნივერსიტეტისა და თსუ-ს ბაკალავრის დიპლომის მფლობელი იქნება.
თსუ საბაკალავრო პროგრამა - „კომპიუტერული მეცნიერება“ ოთხწლიანია. სწავლების პირველი 3 წელი (180 ECTS -ის ეკვივალენტური) თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში მიმდინარეობს, ლექტორებად თსუ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები არიან. საბაკალავრო პროგრამის მეოთხე წელი (60 ECTS თსუ-ში) თსუ და ევრის უნივერსიტეტი ერთობლივად ახორციელებს. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები იღებენ ორმაგ დიპლომს: თსუ-ს ბაკალავრის დიპლომს “კომპიუტერული მეცნიერება” და ევრი ვალ დ’ესონის (ბაკალავრის) დიპლომს, სპეციალობით -”ინფორმატიკა”.
თსუ-ის პროგრამაში გათვალისწინებულია რიგი საგნების ფრანგულ ენაზე სწავლების შესაძლებლობა. ლექციების ფრანგულ ენაზე წარმართვას პარტნიორი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. სტუდენტს საშუალება ეძლევა, სურვილის შემთხვევაში, ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ისწავლოს ინგლისურ ენაზე.
თუ რატომ აირჩია ეს პროგრამა ანამ და რამდენად კმაყოფილია იგი თავის არჩევანით, ანა თევზაძე თავად მოგვიყვება.
სპეციალობა, როგორც იდეების განხორციელების საშუალება
„სპეციალობის არჩევა ჩემთვის რთული არ ყოფილა, რადგან ყოველთვის
მაინტერესებდა ტექნოლოგიები და ის, თუ როგორ ცვლის ის სამყაროს. ახლა კომპიუტერული მეცნიერება მაძლევს შესაძლებლობას, თავად შევქმნა ეს ცვლილებები.
ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ. მიყვარს ორიგინალური და კრეატიული იდეების მოფიქრება, და კომპიუტერული მეცნიერება ჩემთვის სწორედ ის სივრცეა, სადაც ეს იდეები რეალურ პროდუქტებად და გადაწყვეტებად გარდაიქმნება. მაგალითად, ერთი იდეა შეიძლება დაიწყოს როგორც პატარა და სულელური ფიქრი, მაგრამ სწორი ცოდნით და ტექნოლოგიების გამოყენებით გადაიქცეს სრულფასოვან პროექტად. ხშირად ვფიქრობ, რომ იდეები ყველაზე მარტივი, ყოველდღიური პრობლემებიდან იბადება. მაგალითად, ერთხელ მნიშვნელოვანი გამოცდის წინ მაღვიძარამ ვერ გამაღვიძა, რის გამოც სრულფასოვნად ვერ მოვემზადე. ეს ჩემთვის საკმაოდ სტრესული იყო და სწორედ ამ გამოცდილებიდან გაჩნდა იდეა, რომლის გააზრება შემდეგ უფრო სიღრმისეულად დავიწყე: როგორ მოქმედებს ადამიანის ძილის ციკლები გაღვიძებაზე? როგორ რეაგირებს ტვინი სხვადასხვა აუდიოსტიმულზე და როგორ შეიძლება ამ ფაქტორების კომბინაცია ოპტიმალურად გამოვიყენოთ?
იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას პერსონალიზებული სისტემა, რომელიც ადამიანის ქცევისა და ძილის მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრავს გაღვიძების ოპტიმალურ დროს და იყენებს ადაპტირებულ ხმოვან სიგნალს (სიხშირე, ინტენსივობა, რიტმი), რათა გაღვიძება იყოს უფრო შედეგიანი და ნაკლებად სტრესული. ამ ეტაპზე ვმუშაობ ამ იდეის კონცეპტსა და ალგორითმულ ნაწილზე. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის პროცესი, როცა ყოველდღიური პრობლემა გადაიქცევა კვლევის თემად და შემდეგ, პოტენციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტად.
ეს პროცესი ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, რადგან ამ დროს ხშირად ახალს ვსწავლობ და თან პარალელურად ვიზრდები. სწორედ ამიტომ მიზიდავს ეს სფერო: აქ კრეატიულობა და ლოგიკა ერთად მუშაობს, და ამავე დროს გაქვს თავისუფლება შექმნა რაღაც ახალი, რაც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე რეალურ გავლენას მოახდენს.
ბევრ ჩემს მეგობარს ეგონა, რომ ქართულ-ფრანგული კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა ფრანგულის წინასწარ ცოდნას მოითხოვდა და სწორედ ამიტომ ერიდებოდნენ მას. მოგვიანებით კი ნანობდნენ თავის გადაწყვეტილებას, რადგან სინამდვილეში უნივერსიტეტში ფრანგულს ნულიდან გასწავლიან. ამიტომ გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს და არ გაუშვათ ხელიდან ასეთი უნიკალური შესაძლებლობა. აუცილებლად ვურჩევ ამ პროგრამას მათ, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები, ინოვაცია და განვითარება. პროგრამა გიქმნის ძლიერ აკადემიურ საფუძველს საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად.
კომპიუტერული მეცნიერება - კარიერის და თავისუფალი ცხოვრების პერსპექტივა
კომპიუტერული მეცნიერება შეიძლება თავიდან რთული ჩანდეს, თუმცა, ძალზე საინტერესო და დინამიური პროცესია. მთავარია მუდმივი პრაქტიკა, ცნობისმოყვარეობა და სურვილი, რომ პრობლემებს ახალი გზებით მიუდგეთ. ამ სფეროს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ მუშაობა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ერთ-ერთი ოცნება მოგზაურობა, სხვადასხვა კულტურის გაცნობა და ახალი ინსპირაციების მიღებაა. არ მინდა ერთფეროვან გარემოში ცხოვრება. მსურს დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით მომავალში ჩემი ქვეყნის განვითარებაში შევიტანო წვლილი. სწორედ ამიტომ, კომპიუტერული მეცნიერება არა მხოლოდ პერსპექტიულ კარიერას, არამედ თავისუფლებასა და მრავალფეროვანი ცხოვრების საშუალებასაც გაძლევს.
ფრანგულს ვსწავლობ ინტენსიურად პროგრამის ფარგლებში — ამჟამად B1 დონის კურსზე. გვასწავლიან როგორც ფრანგი, ასევე ქართველი ლექტორები, რაც სწავლას უფრო მრავალფეროვანსა და ეფექტიანს ხდის.
ფრანგულის გარდა ვფლობ ინგლისურს, რუსულსა და გერმანულს. მრავალენოვნება მნიშვნელოვნად მეხმარება საერთაშორისო გარემოში ინტეგრაციასა და კომუნიკაციაში.
2026 წლის თებერვლის დასაწყისში, თსუ-ს დაფინანსებით, მონაწილეობა მივიღე
საერთაშორისო კონფერენციაში მილანში, სადაც წარვადგინე მოხსენება თემაზე: “Education and Learning with Artificial Intelligence”. ეს გამოცდილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მომეცა შესაძლებლობა გამეცნო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, გამეზიარებინა იდეები და მომესმინა განსხვავებული ხედვები. სწორედ ასეთ გარემოში უკეთ ხვდები, რამდენად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები და რამდენი ახალი შესაძლებლობა არსებობს. უნივერსიტეტმა არა მხოლოდ დამიფინანსა მონაწილეობა, არამედ მომცა ცოდნა და თავდაჯერება, რომ საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ღირსეულად წარმომედგინა ჩემი იდეები. ვიზიტი შედეგიანი აღმოჩნდა. დავბრუნდი ახალი ცოდნით, გამოცდილებითა და მოტივაციით, რაც მომავალში ჩემი აკადემიური და პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.
რამდენიმე დღის წინ მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო ჰაკათონზე - [BR41N.IO](http://BR41N.IO) Spring School 2026. იქ არავის ვიცნობდი, მაგრამ სწორედ ეს იყო ყველაზე საინტერესო ნაწილი, რადგან გავიცანი სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, ბევრი რამ აღმოვაჩინე და დადებითად დამუხტული შევუდექით პროექტებზე მუშაობას. ჩვენი პროექტის სახელია NeuroBeat - სისტემა, რომელიც ტვინის სიგნალებით აკონტროლებს მუსიკას. იდეა მარტივია: ადამიანი იკეთებს ელექტროენცეფალოგრამას(EEG) და მისი ტვინის აქტივობა და სახის მოძრაობები პირდაპირ მუსიკალურ ეფექტებად გადაიქცევა. ანუ ადამიანი DJ-ივით მართავს მუსიკას, ხელების გარეშე, მხოლოდ ტვინით. რამდენადაც მარტივად ჟღერს იდეა, იმდენად რთული იყო მისი რეალიზება.
ტექნიკურად, EEG ტექნოლოგია კითხულობს ტვინის ელექტრულ სიგნალებს და აგზავნის მონაცემებს პროგრამაში, სადაც ისინი იფილტრება და მუშავდება. სისტემა ამოიცნობს მარტივ მოქმედებებს, როგორიცაა თვალის დახამხამება ან ყბის მოძრაობა (რაც რეალურად EMG არტიფაქტებია, თუმცა ჩვენ მათ მიზანმიმართულად ვიყენებთ როგორც კონტროლის სიგნალებს). შემდეგ ეს სიგნალები გადაიქცევა ბრძანებებად და იგზავნება Ableton Live-ში, სადაც მართავს მუსიკას, მაგალითად, ცვლის ეფექტებს. ამგვარად, მომხმარებელი ფაქტობრივად ხელების გარეშე აკონტროლებს მუსიკას.
სამომავლოდ მსურს სწავლა ევროპაში გავაგრძელო და კიდევ უფრო გავიღრმავო ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით. დასაქმების მხრივ, მიზნად ვისახავ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობას, სადაც მექნება შესაძლებლობა ვიმუშაო როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ამ თავისუფლების მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო, თუმცა სირთულეები ჩემთვის მოტივაციის წყაროა და არა დაბრკოლება. ამიტომ არ ვაპირებ გაჩერებას. მინდა მუდმივად განვვითარდე და შევქმნა რაიმე ღირებული.
ვფიქრობ, კომპიუტერული მეცნიერების სფეროში სპეციალისტებზე მოთხოვნა მომავალშიც მაღალი იქნება, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ანალიზი და კიბერუსაფრთხოება. მართალია, დღეს კონკურენციაც იზრდება და დასაწყისში შეიძლება გარკვეული სირთულეები არსებობდეს, თუმცა, ამ სფეროს დიდი უპირატესობა ის არის, რომ მუდმივად ჩნდება ახალი მიმართულებები და შესაძლებლობები. პირადად მე ვთვლი, რომ თუ მუდმივად განვვითარდები, პრაქტიკულ გამოცდილებას დავაგროვებ და ახალ ტექნოლოგიებს ავითვისებ, მოთხოვნადი ვიქნები როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ცოტა სამომავლო გეგმებზეც...
ტექნოლოგიების სფერო იმდენად ფართოა, რომ სანამ კონკრეტულ კარიერულ მიმართულებას ავირჩევ, მინდა სხვადასხვა მიმართულება გამოვცადო და საკუთარი თავი მრავალმხრივად განვავითარო. თსუ კი ამის ძალიან კარგ შესაძლებლობას მაძლევს. დამატებით გავიარე და ახლაც ვსწავლობ სხვადასხვა კურსს, როგორიცაა FPV დრონების ინჟინერია, ინოვაციური მეწარმეობა, ნეირონული ქსელები, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები და დეცენტრალიზებული აპლიკაციები. ეს კურსები გავიარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კერძოდ, თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ფარგლებში. ამასთანავე, დამატებითაც მაქვს გავლილი სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსი სხვა პლატფორმებზე (TBC Techschool, TBC IT Campus, Geolab…).
ასევე, აქტიურად ვმონაწილეობ ტექნოლოგიურ შეხვედრებსა და ჰაკათონებში, სადაც
მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება და შედეგებიც. მაგალითად, ბოლო პერიოდში თსუ-ს AI პრეაქსელერაციის პროგრამაში ჩვენი გუნდი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა ჭკვიანი სათვალის პროექტით, რომელიც მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაში ეხმარება. პროექტის ფარგლებში შევქმენით პროგრამული უზრუნველყოფა და დავამუშავეთ ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც ობიექტებსა და ტექსტებს ამოიცნობდა და მომხმარებელს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიდა. თსუ-ს დიდი წვლილი აქვს იმაშიც, რომ ამჟამად ვმუშაობ სხვადასხვა საინტერესო პროექტზე და ვიღებ ღირებულ პრაქტიკულ გამოცდილებას. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის აგენტებზე, რომლებიც თავად მართავენ ფინანსურ პროცესებს დეცენტრალიზებულ სისტემებში.
სტუდენტური ცხოვრება ჩემთვის არის არა მხოლოდ სწავლა, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენისა და განვითარების პროცესი. მიხარია, რომ ამ გზაზე ვარ და მოუთმენლად ველოდები მომავალ შესაძლებლობებს.
ამ ეტაპზე ჩემი მუშაობა მოიცავს როგორც აკადემიურ, ასევე პრაქტიკულ პროექტებს. ვმონაწილეობ ჰაკათონებსა და პრეაქსელერაციის პროგრამებში, სადაც გუნდთან ერთად ვქმნით ტექნოლოგიურ პროდუქტებს. პარალელურად, HIGGS-ში ვმუშაობ AI Research Trainee პოზიციაზე, სადაც ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის მოდელებსა და აგენტებზე, მათ შორის ისეთ პროექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია დეცენტრალიზებულ ფინანსებთან. ჩემი როლი მოიცავს კვლევას, იდეების დამუშავებას და ტექნიკურ რეალიზაციაში მონაწილეობას.