საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლონდონის ქინგს ქოლეჯის უნივერსიტეტელი მკვლევარი

რუბრიკაში „უნივერსიტეტელი“ დიმიტრი ჩუბინიძეს წარმოგიდგენთ - თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ერთ-ერთი იმ კურსდამთავრებულს, რომელიც  უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ წარმატებით აგრძელებს საქმიანობას საზღვარგარეთის წამყვან სასწავლებლებში. დღეს ის ლონდონის ქინგს კოლეჯის ფსიქოლოგიის, ფსიქიატრიისა და ნეირომეცნიერების ინსტიტუტში ასოცირებული მკვლევრის პოზიციაზეა, თუმცა, მანამდე საკმაოდ საინტერესო გზა განვლო, რის შესახებაც ის თავად გვიყვება.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამა „ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაზე“ სწავლის სურვილით ჩავაბარე. ბაკალავრიატი ჟურნალისტიკის მიმართულებით, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ) დავამთავრე. ჟურნალისტიკის საბაკალავრო კურიკულუმის დიდი ნაწილი  ზოგადი განათლების მოდულის საგნებს ეთმობოდა, რის გამოც ბევრ სხვადასხვა სფეროსთან მომიწია შეხება. როდესაც ბაკალავრიატი დავასრულე, ვთვლიდი, რომ ჟურნალისტიკის კონკრეტულ სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის საკმარისი გამოცდილება არ მქონდა და, ამასთანავე, ერთდროულად მაინტერესებდა რამდენიმე სხვა დიდი სფეროც: ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, ლინგვისტიკა და ბიოლოგია. ბაკალავრიატის მეოთხე კურსზე პარალელურად დავიწყე სიარული თსუ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ლექციებზე, რომელიც იმ დროს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იყო; ვესწრებოდი პროფესორების - ლალი სურმანიძისა და ვახტანგ ნადარეიშვილის ლექციებს. სწორედ ამ ლექციებით გატაცებულმა შევარჩიე ინტერდისციპლინური  სფერო, ზოგადი ინტერესების ერთ კონტექსტში თავმოყრის იმედით. არჩევანი გამიმართლდა, გავიცანი საინტერესო მკვლევრები, პროგრამის აკადემიური პერსონალი თსუ-ს თითქმის ყველა ფაკულტეტიდან.

 

დოქტორანტურა იგივე, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მიმართულებით გავაგრძელე, რომელიც 2018 წელს დავასრულე, სადოქტორო კვლევით ‘’ქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები’’. (ხელმძღვანელები: პროფ. ლ. სურმანიძე და პროფ. ვ. ნადარეიშვილი).

 

ანდაზები, როგორც ადაპტაციური ქცევის მოდელები

 

დისერტაცია ეხება ქართული კულტურის ადაპტაციურ რესურსს, პრობლემის გადაწყვეტის გზებს (სქემებს), რომლებიც მზა სახით ეძლევა კულტურის წევრებს. ძალიან თუ გავამარტივებ, კულტურის ის გაგება და კონტექსტი, რომელსაც ეს კვლევა ეყრდნობა ასე გამოიყურება: ადამიანების ერთობას აქვს გაზიარებული გამოცდილება, რომელიც ამ ადამიანებისა და მათი წინაპრების თანაცხოვრების პროცესში დაგროვდა. ისინი აწყდებოდნენ სიახლეებს, გამოწვევებს, პრობლემებს და მათი გადაწყვეტისთვის სხვადასხვა სტრატეგიებს მიმართავდნენ. დროთა განმავლობაში კარგად აპრობირებული სტრატეგიები იდეალურ ქცევის ნიმუშად ფორმდება და ფიქსირდება. პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების მიხედვით, ეს ფიქსირებული გამოცდილება ეკლექტურია. ალბათ იმიტომ, რომ კონტექსტები იცვლება და, შესაბამისად, სტრატეგიებიც. თუმცა ეს ადაპტაციური არსენალი არსებობს და საჭიროების შემთხვევაში შენს დასახმარებლად გააქტიურდება. მაგ., თუკი გამოუვალ პრობლემურ სიტუაციაში აღმოჩნდები, ერთმა შეიძლება გირჩიოს - „დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“, ხოლო მეორემ  - „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“. მე მაინტერესებდა არა მხოლოდ ქართული  კულტურული შინაარსების კვლევა იზოლირებულად, არამედ  ამ კულტურული შინაარსების მენტალური რეპრეზენტაციები, სხვა სიტყვებით - როგორ არის კულტურული შინაარსები რეპრეზენტირებული თანამედროვე ქართველის ფსიქიკაში.

 

კვლევის მიხედვით, პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტისას ორი ძირითადი ორიენტაცია იჩენს თავს: პრობლემურ სიტუაციასთან დარჩენის ან განრიდების. პირველ შემთხვევაში აქტუალურია სამი სტრატეგია: 1. საკუთარი თავის ცვლილება - ქცევის სუბიექტი ცდილობს აქტიური ძალისხმევისა და რესურსების მაქსიმალური გამოყენებით შეცვალოს საკუთარი თავი და ასე შეეგუოს პრობლემას („როცა არ იყოს, ცოტა კმარ იყოსო“; „თუ არ გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო“); 2. ცვლილების პასიური მოლოდინი - პრობლემურ სიტუაციასთან ადაპტაციას ქცევის სუბიექტი ახდენს წინასწარგანსაზღვრულობის აღიარებითა და მომავალ ცვლილებაზე პასიური ორიენტაციით/მოლოდინით („ყველაფერს თავისი დრო აქვსო“; „მელა მახეში გაება, თავი მოიმძინარა - სიზმარი იქნებაო“); 3. სტრატეგიული ელასტიურობა - ქცევის სუბიექტი აქტიურიც შეიძლება იყოს და  პასიურიც; მიმართულია შიგნით; მოქმედებს სტრატეგიულად, მიზნებიდან გამომდინარე („არც მწვადი დასწვა, არც შამფურიო“;  „კარგი მოთამაშე კამეჩის ცოხნაზედაც აჰყვებაო“).

 

პრობლემური სიტუაციიდან განრიდების შემთხვევაში აქტუალურია სტრატეგია - ახალი გარემოს ძიება („არ უნდა ჭირში გადრეკა, თუ კაცი გონიერია, წავა და ყველგან დარჩება, სოფელი ღონიერია’’).

 

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ცხადია, ვერ განვსაზღვრავთ კონკრეტული ადამიანის  ქცევას, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ პრობლემის გადაწყვეტის დროს რა კულტურული შინაარსები, ტენდეციები შეიძლება იყოს აქტუალური. მაგ., თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსზე ზედაპირული თვალის შევლებითაც კი მარტივი შესამჩნევია ეს ორიენტაციები.

 

მენტორებით განებივრებული

 

საბაზისო ცოდნა და კვლევითი უნარები სწორედ თსუ. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე შევიძინე. ძალიან განებივრებული ვიყავი მენტორებით. სამაგისტრო პროგრამაზე როდესაც ჩავირიცხე, მხოლოდ ორი სტუდენტი ვიყავით. მახსოვს, ძალიან ხშირად ლექციები ინდივიდუალურად მიტარდებოდა. ასეთ პირობებში ალბათ, არამოტივირებული ადამიანიც კი სრულიად ახალ პროფესიას ძალიან მარტივად დაეუფლებოდა. ამიტომ, პირველ რიგში, მადლიერი ვარ ჩემი მასწავლებლების და ასევე, კოლეგა-სტუდენტების - მათთან ურთიერთობამ ეს პროცესი კიდევ უფრო  სასიამოვნო გახადა, ახლაც ვმეგობრობთ.

 

თსუ-ს სხვა ქართული უნივერსიტეტებისგან ალბათ ყველაზე მეტად სწავლებისა და კვლევის მრავალფეროვანი პროფილი გამოარჩევს, რომელსაც ნამდვილად სჭირდება მოფრთხილება. განსაკუთრებით დარგებს, რომელიც შეიძლება დიდი მოთხოვნით არ გამოირჩევა სტუდენტების მხრიდან ე.წ. ‘არჩევანის რიგითობის’ მიხედვით, მაგრამ მათი შენარჩუნება მეცნიერული და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით უცილებელია.

 

აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან მქონია შეხება. ყველაზე დიდ სხვაობას ალბათ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ველი ქმნის, რომელიც გავლენას ახდენს თითქმის ყველაფერზე: პროფესიულ ურთიერთობაზე, მუშაობის სტილზე, არჩევანსა და პრიორიტეტებზე, გადაწყვეტილების მიღებაზე, მოტივაციაზე და სხვ.  

 

თსუ დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში სასწავლო-კვლევითი ვიზიტები ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, აშშ) და კალიფორნიის უნივერსიტეტში (სან დიეგო, აშშ) მქონდა. ეს ვიზიტები სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის პროცესში და პროფესიულ განვითარებაში ძალზე დამეხმარა. ამ ორივე უნივერსიტეტს აქვს ფსიქოლოგიური და სამედიცინო ანთროპოლოგიის სწავლებისა და კვლევის ხანგრძლივი ტრადიცია. შესაძლებლობა მქონდა, უშუალოდ იმ თეორიის ავტორისგან მიმეღო კონსულტაცია, ვის თეორიულ მოდელსაც სადისერტაციო კვლევაში ვიყენებდი. ეს ვიზიტები შესაძლებელი გახდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ემორის უნივერსიტეტის დაფინანსებით.

 

დისერტაციის დაცვის შემდეგ, პოსტსადოქტორო კვლევა მქონდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ევროპის კვლევების საბჭოსა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.

 

ყველა ვიზიტი ძალიან კარგად მახსენდება. თუმცა, ემორის უნივერსიტეტში გატარებული   დრო ნამდვილად დაუვიწყარია. პირველ რიგში, ეს არის პროფ. ბრედ შორის დამსახურება, რომელიც ჩემის სადისერტაციო კვლევის კონსულტანტი გახლდათ. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ანთროპოლოგიური და ფსიქოლოგიური სფეროების დაახლოებასა და ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის თეორიული საყრდენების შექმნაში. სამეცნიერო საქმიანობის გარეთაც, ღრმა და მნიშვნელობის მქონე ურთიერთობების შესაძლებლობებს ქმნიდა, რადგან მას აქვს ბუნებრივი ინტერესი ადამიანებისა და განსხვავებული კულტურებისადმი. თუმცა ეს არ გახლავთ მხოლოდ ინტერესი ცნობისთვის, მისთვის ეს  არსებობის წესი და სიხარულის წყაროა.

 

შეიხედეთ მეზობელ აუდიტორიებშიც

 

რთულია პროფესიასთან დაკავშირებით რჩევის მიცემა. ინტერდისციპლინური სფეროები საინტერესოა შინაარსით, თუმცა გამუდმებით გიწევს საკუთარი პროფესიული იდენტობის ფორმირება. ამ პროცესში შენ თავად ქმნი შენს კვლევით პროფილს და იღებ შესაბამის კომპეტენციებს. მაგრამ, ამის შესახებ ‘სხვებთან’ კომუნიკაცია მთლად მარტივი არ არის ხოლმე. ქართულ აკადემიურ სივრცეში, დარგებსა და სფეროებს შორის ხშირად ავლებენ ხოლმე ძალიან მკაფიო საზღვრებს. რეალურად კი ეს საზღვრები მყიფეა. ეს დაბრკოლებებს ქმნის ინტერდისციპლინურ სფეროებში კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის და ასევე ინტერდისციპლინური კვლევითი საქმიანობისთვის. მაგალითად, მე პირადად არაერთხელ მომიწია საკუთარი პროფესიის განმარტება და კვალიფიკაციის დასაბუთება. ცხადია, ეს არ არის მოულოდნელი, როდესაც სახელწოდებაში ერთდროულად გესმის ორი დიდი ქოლგა დისციპლინა - ფსიქოლოგია და ანთროპოლოგია. თუმცა, სხვა ქვეყნებში, სადაც ინტერდისციპლინური მუშაობის ორგანული კულტურაა, ასეთი დაბრკოლებები იშვიათია. ამიტომ, ადამიანებს ვისაც განუსაზღვრელობისადმი განსაკუთრებული შფოთვა აქვთ, შეიძლება ამ ტიპის პროგრამაზე სწავლა დიდ გამოწვევად იქცეს. ამასთანავე, მათ, ვისაც პირიქით, უყვართ გამოწვევები - ინტერდისციპლინური პროგრამები განსაკუთრებით ასტიმულირებს შემოქმედებით პროცესებს.

 

პირველ რიგში წარმატებებს ვუსურვებ. ვუსურვებ, არ შეეშინდეთ სიახლეებისა და დაბრკოლებების. შეიხედონ მეზობელ აუდიტორიებში. თუ შესაძლებლობა ექნებათ, აუცილებლად წავიდნენ სამოგზაუროდ და სასწავლებლად სხვა უნივერსიტეტებშიც. ცოდნისა და ახალი გამოცდილებების მისაღებად ეს საუკეთესო საშუალებაა. დასაწყისში შეიძლება ყველაფერი ისე მიმზიდველი არ იყოს, როგორც სტუდენტობამდე წარმოგვიდგენია ხოლმე, თუმცა მუშაობასთან ერთად ნებისმიერი სფერო საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა. ძალიან მინდა, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ დასავლურ სასწავლო და სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაციის უფრო მეტი შესაძლებლობა და მათთვის უნივერსიტეტი, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ამის პირობებს ქმნიდეს. სწავლა, პირველ რიგში, გულისხმობს დაბრკოლებას, განსხვავების შემჩნევას, მისი სიახლედ გადაქცევას და, შედეგად, შემეცნებას. ამიტომ, წარმატებული საუნივერსიტეტო განათლებისთვის მნიშვნელოვანი მგონია ინტერესი და პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და სწრაფვა სიახლეებისკენ.

 

ახლანდელზე და სამომავლოზე

 

 ამჟამად ვმუშაობ ლონდონის ქინგს კოლეჯში. მომწონს ეს საქმიანობა, ბევრს ვსწავლობ კოლეგებისგან და სტუდენტებისგან. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ კვლევით საქმიანობაში ჩართული ვარ სწორედ ინტერდისციპლინური პროფილით. ჩვენი კვლევითი ჯგუფი იკვლევს კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის პრაქტიკას, რომლის განვითარებისთვისაც ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის ტექნოლოგიის სფეროსთან.  ეს პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობას მაძლევს სხვადასხვა მეთოდოლოგიურ და თეორიულ კონტექსტში. სასიამოვნო ნაწილი ამ საქმის ისიც არის, რომ სუპერვიზიას მიწევს ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი - პროფ. ქეთი ჭანტურია. ქეთისთან ურთიერთობა დიდი პატივია, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად. საქართველოზეც ერთად ვფიქრობთ ხოლმე. ემიგრაციაში ყოფნისას ეს დიდი შვებაა.

 

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი განსაკთრებულია ჩემთვის. აქ თითქმის 12 წელი გავატარე. ჯერ ვსწავლობდი, შემდეგ კი ვმუშაობდი ლექტორად და ვხელმძღვანელობდი ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურს. ამ პერიოდში ბევრი ძვირფასი ადამიანი შევიძინე. რაც შეეხება ოფიციალურ თანამშრომლობას, ამჟამად ჩართული ვარ სადოქტორო პროგრამაში – ‘’კულტურული პერსონოლოგია, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და მიგრაციის კვლევები’’.

 

ჩემის მხრივ ერთ რამეს დავამატებ. ქართულ საზოგადოებაში (უკაცრავად განზოგადების ამ ხარისხისთვის), მეცნიერულ  ფსიქოლოგიურ ცოდნასა და ე.წ. ‘ხალხურ’ შეხედულებებს შორის დიდი განსხვავებაა. მაგალითისთვის, ე.წ. „ნორმა-პათოლოგიის“ შესახებ ფსიქოლოგიური ცოდნა ეყრდნობა უზარმაზარ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და მიღწევებს, რომელიც განახლებადია და ცნობილია დარგის სპეციალისტებისთვის. თუმცა, ამ ცოდნასთან წვდომა არ აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს, რაც ბევრ სირთულეს ქმნის, მაგ., სტიგმისა და ბულინგის ასპარეზს და, ამასთანავე, სავალალო მდგომარეობას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. ფსიქოლოგებისა და განათლების სპეციალისტების ჩართულობა კი არსებითად შემოიფარგლება ხოლმე სწავლებით ან თერაპიით. თუმცა, საქართველოს მოცემულობაში, ამ დარგებს ბევრად უფრო დიდი ფუნქციის შესრულება შეუძლია. მგონია, რომ ეს ფუნქციები ვერ შესრულდება მხოლოდ აუდიტორიაში ან კლინიკურ კაბინეტში. მნიშვნელოვანია ღრმად ფესვგადგმულ შეხედულებებთან დაპირისპირება და  აქტიური სამოქალაქო ჩართულობა. ეს გზა რთულია, რადგან ამ დროს სპეციალისტებს უხდებათ  დაპირისპირება ვიწრო ლოკალურ ცრურწმენებთან, რაც ცოდნასთან ერთად უსიამო წინააღმდეგობების დაძლევასაც საჭიროებს. ამიტომ, განსაკუთრებული პატივისცემით ვარ განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს აქტიურად ეწევა სამოქალაქო აქტივიზმს და ძალიან მახარებს, რომ მათ შორის ვხედავ ნაცნობ სახეებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამას რომ ვამბობ, საკუთარი თავიც მყავს მხედველობაში. სხვაგვარად წარმოუდგენელი მგონია იმ მეცნიერულ-კულტურული დისონანსის დაძლევა, რომლის ანარეკლებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფსიქოლოგებისა და პედაგოგების აქტიური ჩართულობის გარეშე მნიშვნელოვნად შეფერხდება განვითარება, ცვლილება და თუნდაც ისეთი ეჭვშეუვალი და კონსტიტუციურად გაცხადებული მიზნის განხორციელებაც, როგორიცაა ევროინტეგრაცია. ამ გზაზე უნივერსიტეტს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.  

თარიღი: 06/06/2024