თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ინტერდისციპლინარული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სტუდენტთა რეგიონული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქართული ფილოსოფიის სკოლის დამფუძნებელის, განმანათლებელის, ლოგიკოსის, ჟურნალისტის, პროზაიკოსის, ლიტერატურის ისტორიკოსის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის სოლომონ დოდაშვილის (1805-1836) დაბადებიდან 220 წლისთავს.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებსა და კონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა და სოლომონ დოდაშვილის ღვაწლსა და მის პატრიოტიზმზე ისაუბრა.
„სოლომონ დოდაშვილი იყო უდიდესი ადამიანი და პატრიოტი, რომელმაც ძალიან პატარა ასაკში მოახერხა, ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ყოფილიყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წერილები, სადაც მრავალჯერ აღნიშნავს, რომ ჩვენს განათლებასა და მეცნიერებაში უმნიშვნელოვანესია ევროპული მოდელის დანერგვა და განვითარება,"-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში თსუ მუზეუმში სოლომონ დოდაშვილის მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიმართა.