საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნებით შეყვარებული პროფესია და გზა თსუ-დან ტრომსომდე

მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი თორნიკე ბათავანი  ერთ-ერთი გახლავთ, ვინც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა წარმატებით დაასრულა. ამავე პროგრამის ფარგლებში მან ნორვეგიაში საკმაოდ წარმატებით ისწავლა და ახლა დოქტორანტის სტატუსით კვლავ თსუ-ში აგრძელებს სწავლას და საქმიანობას. მრავალმხრივ საინტერესო ახალგაზრდა მეცნიერი  თავისი, თსუ-ს სტუდენტის თუ თანამშრომლის სტატუსით შეძენილი გამოცდილების შესახებ  გვესაუბრება და თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

 

თორნიკე ბათავანი ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს. დოქტორანტურაში ჩაბარებამდე, 2020 წელს დაამთავრა თსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა.

 

მუშაობს კლინიკურ ლაბორატორიაში ჯანდაცვის მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე და ამის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია. კერძოდ, რამდენიმე წელია თსუ-ს სტუდენტებს  გლობალურ ჯანდაცვას და ასევე ჯანდაცვის ეკონომიკას ასწავლის.

 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ჯერ კიდევ მაგისტრატურაში ჩაბარებისას გადავწყვიტე. იმ წელს თსუ 100 წლის გახდა. მეგობრისგან შევიტყვე, რომ თსუ-ში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართულ-ნორვეგიული ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა არსებობდა და გადავწყვიტე სწორედ ეს პროგრამა ამერჩია.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა საუკეთესო არჩევანი მათთვის, ვისაც ჯანდაცვის სფეროში სურს მოღვაწეობა...

 

ვფიქრობ, ინგლისურენოვანი პროგრამის არსებობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ვიდრე სხვა პროფესიებისთვის. ჩვენს სფეროში, სამეცნიერო კვლევებისა და ლიტერატურის დიდი ნაწილი ინგლისურ ენაზე ქვეყნდება. შესაბამისად, ინგლისურად კითხვა აუცილებელი ხდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი არ ჩამორჩეს დარგის სიახლეებს და უცხოელ კოლეგებთან წარმატებით შეძლოს თანამშრომლობა.

 

არჩევანის გაკეთებისას, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უნივერსიტეტსაც. ჩემი აზრით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ყველაზე გამორჩეული უნივერსიტეტია. ეს არის სასწავლებელი მდიდარი ისტორიით და სწავლების მაღალი ხარისხით, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების მრავალი თაობა გამოზარდა. თსუ-ს არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთაც იცნობენ.

 

 მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ თსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობის შედეგად, რაც ამ პროგრამის ხარისხს და მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდიდა.  ჩემი აზრით, თსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ჯანდაცვის სფეროში სურს მუშაობა.

 

ლექტორები, რომლებიც ამ პროგრამაზე გვასწავლიდნენ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან აქტივობებში არიან ჩართული. მაგალითად, რამდენიმე მათგანი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (NCDC) მუშაობს. შესაბამისად, მათ შეუძლიათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა გადასცენ სტუდენტებს, არამედ პრაქტიკაში მიღებული გამოცდილებაც გაუზიარონ.

 

სწავლის განმავლობაში წვდომა გვქონდა მაღალი ხარისხის, თანამედროვე წიგნებზე და სამეცნიერო მასალებზე. ჩვენთან სხვა ქვეყნების სტუდენტებიც სწავლობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო კავშირების შესაძენად და ამ ქვეყნების გამოცდილების გასაცნობად.

 

გარდა ამისა, ჩვენი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში და ზოგადად, თსუ-ში რეგულარულად იმართება სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის საინტერესო საერთაშორისო ღონისძიებები - კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, სიმპოზიუმები და ა.შ. ჩვენი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი - პროფესორი ნინო ჩიხლაძე მუდმივად გვატყობინებდა, როდესაც უნივერსიტეტში მსგავსი ღონისძიებები ტარდებოდა, რაც გამოცდილების და ცოდნის ზრდას კიდევ უფრო უწყობდა ხელს.

 

სწორედ თსუ-ში შეძენილი ცოდნის დახმარებით, ჯერ კიდევ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, ჩავატარე კვლევა საქართველოში კიბოს ადრეული გამოვლენის მახასიათებლების შესახებ. აღნიშნული კვლევის შესახებ სტატია (Early and late detection of cancer in Georgia: Evidence from a population-based cancer registry, 2018–2019; https://doi.org/10.1016/j.canep.2022.102216) Cancer Epidemiology-ში დაიბეჭდა, რომელიც მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე, საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალია და Scimago Lab-ის მიერ Q2 კატეგორია აქვს მინიჭებული.

 

ზღაპრების ნაცვლად წაკითხული სამედიცინო ლიტერატურა

 

ექიმების ოჯახში დავიბადე და ოთხი წლის ვიყავი, როცა დროებით ირანში წავედით საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, მშობლებმა ჩემთვის ზღაპრების რამდენიმე წიგნიც წამოიღეს წასაკითხად. ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ, თითოეული მათგანი რამდენჯერმე ისევ გადავიკითხე, შემდეგ კი არამხატვრულ წიგნებზეც გადავედი, რადგან მეტი წიგნი ქართულ ენაზე აღარ მქონდა. ბოლოს, სახლში მხოლოდ მშობლების სამედიცინო წიგნები იყო დარჩენილი, რაც ჯერ არ მქონდა წაკითხული. მეც ნელ-ნელა მათი კითხვა დავიწყე და პირველად ასე გავეცანი მედიცინას.

 

სკოლის დამთავრებისას, როდესაც მედიცინის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე, იმ ეტაპზე ჩემი თავი სხვა პროფესიაში ვერც წარმომედგინა. ეს იყო სფერო, რომელიც მაინტერესებდა და რომელსაც მაშინ ყველაზე კარგად ვიცნობდი.

 

თუმცა, უკვე მოგვიანებით, მაგისტრატურაში ჩაბარების პერიოდისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებმა დამაინტერესა და ამ მიმართულებით განვაგრძე სწავლა.

 

სპეციალობის ან პროფესიის არჩევა შეიძლება სულაც არ იყოს ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომელსაც მხოლოდ აბიტურიენტობის პერიოდში ვიღებთ...

 

თუ ადამიანს პირადად არ იცნობ, ძნელია პროფესია ურჩიო. მეტიც, ხანდახან საკუთარი პროფესიის შერჩევაც რთულია, იქნებ ზუსტად იმიტომ, რომ ზოგჯერ შეიძლება თავსაც არ ვიცნობდეთ საკმარისად კარგად.

 

მედიცინა დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, ეს კი ყველასთვის მისაღები არჩევანი ნამდვილად არ იქნება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არ არსებობს ობიექტურად საუკეთესო პროფესია. უბრალოდ, თითოეული ჩვენგანისთვის არსებობს საქმიანობა, რომელშიც კონკრეტული ადამიანი თავს ყველაზე უკეთ გამოავლენს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმ ეპოქაზე და გარემოზეც არის დამოკიდებული, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს და მოღვაწეობს. მაგალითად, დღეს ბევრი ნიჭიერი პროგრამისტია, რომელთაც ეს საქმე საუკეთესოდ გამოსდით და კომპიუტერის გარეშე თავი ვერ წარმოუდგენიათ. მაგრამ რა საქმიანობის არჩევა მოუხდებოდათ იგივე ადამიანებს 1-2 საუკუნით ადრე რომ დაბადებულიყვნენ?

 

შეიძლება ეს ყველაფერი 17-18 წლის ასაკში ჯერ ბოლომდე არ გვქონდეს გააზრებული, მაგრამ დროთა განმავლობაში, ვფიქრობ, ნელ-ნელა უკეთ გავიცნობთ ხოლმე საკუთარ შესაძლებლობებს, ინტერესებს და ამა თუ იმ პროფესიის თავისებურებებსაც. შესაბამისად, სპეციალობის ან პროფესიის არჩევა შეიძლება სულაც არ იყოს ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომელსაც მხოლოდ აბიტურიენტობის პერიოდში ვიღებთ. ეს უფრო მუდმივი პროცესია - თითქოს მოგზაურობას იმიტომ კი არ ვიწყებთ, რომ არჩეული მიმართულებით წავიდეთ, არამედ იმიტომ, რომ ამ გზით აღმოვაჩინოთ რა მიმართულებით გვინდა წასვლა.

 

მიხარია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საშუალება მომცა სტუდენტებისთვის მესწავლებინა. ახალგაზრდა თაობას, ვინც უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ფიქრობს, იმავეს ვეტყოდი, რასაც ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე - იკითხონ ბევრი. ოღონდ მხოლოდ კითხვა კრიტიკული აზროვნების გარეშე არ კმარა. ჩინელი ფილოსოფოსის, კონფუცის სიტყვებით, „სწავლა აზროვნების გარეშე უსარგებლოა, აზროვნება სწავლის გარეშე - სახიფათო“. ამ გამონათქვამს ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ კითხვას თან უნდა ახლდეს წაკითხულის კრიტიკულად გაანალიზება. როდესაც ჩემი სტუდენტები მეუბნებიან, რომ ლექციების კურსი მათ საკითხების სხვადასხვა მხრიდან დანახვასა და კრიტიკულად მსჯელობის სწავლაში დაეხმარა - ეს ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო შეფასებაა ხოლმე.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტრომსოს უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამამ ნორვეგიაში სწავლის საშუალება მომცა. კერძოდ, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ვსწავლობდი ტრომსოს უნივერსიტეტში (UiT – The Arctic University of Norway).

 

ჩემთვის სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენა, რომ ნორვეგიაში იქაური მაგისტრატურის სტუდენტები იმავე სახელმძღვანელოებს და სასწავლო მასალებს იყენებდნენ, რასაც ჩვენი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა.

 

ამდენად, თსუ-მ არამარტო საზღვარგარეთ სწავლის საშუალება მომცა, არამედ საჭირო ცოდნით და მომზადებითაც შემაიარაღა.

 

მართლაც, ტრომსოს უნივერსიტეტში წარმატებით გავიარე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კურსები. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიის კურსს ნორვეგიელ დოქტორანტებთან ერთად ვსწავლობდი.

 

ნორვეგიაში, ზოგადად, სწავლების ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ. იქ სწავლა არც ადგილობრივი სტუდენტებისთვისაა იოლი და როგორც გავიგე, მაშინ საქართველოდან ჩასული სტუდენტებისგან მით უმეტეს არავინ ელოდა მაღალ შედეგებს. იმ წელს, გლობალური ჯანდაცვის კურსზე მთელს ნაკადში მხოლოდ ერთმა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი შეფასება (A) და ეს ერთი სტუდენტი სწორედ მე ვიყავი - ნორვეგიაში საქართველოდან ჩასული მაგისტრანტი.

 

ტრომსოს უნივერსიტეტში ათასობით ნორვეგიელი და საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტში ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტია წარმოდგენილი.

 

იქ ყოფნისას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუდენტები გავიცანი, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. ნორვეგიაში სწავლის პერიოდში, უაღრესად სასიამოვნო იყო ამ განათლებულ და ნიჭიერ ადამიანებთან ერთად ჯანდაცვის სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა და დებატები.

 

უნივერსიტეტის პროფესორებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. მაგალითად, მე ნორვეგიელ ლექტორებთან ერთად მასწავლიდნენ ცნობილი ინგლისელი და ამერიკელი პროფესორებიც. ნორვეგიაში სწავლის ერთ-ერთი თავისებურებაა სტუდენტის დამოუკიდებლობა.

 

საქართველოში ხშირად ლექტორი წყვეტს რა მასალებს უნდა გაეცნოს სტუდენტი ან რომელი წიგნი უნდა წაიკითხოს. ნორვეგიაში ასე არ არის. შესაძლოა, რეკომენდაციის სახით, სტუდენტს რომელიმე წიგნი ან სამეცნიერო სტატია ურჩიონ, მაგრამ საბოლოოდ, ეს მხოლოდ რეკომენდაციაა. სტუდენტს თავისუფლად შეუძლია თავად აირჩიოს რა წაიკითხოს ან როდის. მეტიც, ტრომსოში სწორედ ამას მოელიან მაგისტრანტებისგან. სტუდენტი, რომელიც იქ სწავლობს, დროის სწორად განაწილებას და აბსოლუტურად დამოუკიდებელ მუშაობას უნდა იყოს მიჩვეული.

 

მეორე მხრივ, სტუდენტებს სწავლისთვის ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი - საუკეთესო წიგნებით სავსე ბიბლიოთეკა, პროგრამული უზრუნველყოფა და წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებზე. გარდა ამისა, უნივერსიტეტს აქვს საკუთარი სპორტული დარბაზები, რომლებიც ყველანაირადაა აღჭურვილი; სასადილოები და კაფეები, სადაც ჯანსაღად კვებაა შესაძლებელი; და საკუთარი ბარიც კი, სადაც გასართობი ღონისძიებები და კონცერტები ტარდება ხოლმე. აღსანიშნავია, რომ დიდ ყურადღებას აქცევენ სტუდენტების მენტალურ ჯანმრთელობასაც - სპეციალურად სტუდენტებისთვის აქვთ შექმნილი ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრი.

 

როგორც აღვნიშნე, ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ. ამასთან ერთად, თსუ-ში ვასწავლი კიდეც, როგორც მოწვეული ლექტორი. შესაბამისად, ამ ეტაპზე არსებული გეგმებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ამ უნივერსიტეტს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს განვითარებაში სამეცნიერო და აკადემიური მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება.

თარიღი: 24/10/2023