საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ ბორდო მონტენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თსუ რექტორი ბორდო მონტენის უნივერსიტეტის (Bordeaux Montaigne University) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს აპოსტოლოს ლამპროპოლოს, უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტსა და მსოფლიო ენათა უმაღლესი სკოლის დირექტორს ანტუან ერტლეს, ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელს ერიკ სურიეს, სადოქტორო სკოლის მმართველ გუნდს, სლავისტიკის მიმართულების პროფესორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრებზე მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

 

მხარეები შეთანხმდნენ სტუდენტებისთვის ერთობლივი გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე, რაც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს 2024-25 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი ბორდო მონტენის უნივერსიტეტში გაატარონ. ასევე, ფრანგული უნივერსიტეტის კავკასიოლოგიითა და ისტორიით დაინტერესებული სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლიან.

 

უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტ ანტუან ერტლესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ბორდოს მონტენის უნივერსიტეტში „საქართველოს დღეების“ მოწყობის საკითხსაც, რაც ფრანგულ-ქართული კულტურული და საგანმანათლებლო კუთხით თანამშრომლობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

 

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ბორდოში არსებული სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

თარიღი: 25/10/2023