საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ მარია ტერეზა ლაზაროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფილიპინების რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა დეპარტამენტის მდივნის მოადგილესთან, ელჩთან მარია ტერესა ლაზაროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 

შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფილიპინების რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებს შორის არსებული ურთიერთობების გაფართოებაზე ისაუბრეს და ერთობლივი სასწავლო და კვლევითი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტუმარს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, სასწავლო პროგრამები და ისაუბრა უნივერსიტეტის მეცნიერების ჩართულობაზე საერთაშორისო პროექტებში. დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამედიცინო მიმართულებით უნივერსიტეტში არსებულ შესაძლებლობებზე. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფილიპინების რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის არსებული კავშირები უნდა გაფართოვდეს, რისთვისაც  აუცილებელია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
 

ფილიპინების რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ მარია ტერესა ლაზარომ ყურადღება გაამახვილა სამედიცინო მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე. „ჯანდაცვის მიმართულებით ბევრ ახალგაზრდას ვატრენინგებთ და ბევრი სკოლა გვაქვს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სამედიცინო მიმართულებით გავაღრმაოთ კოლაბორაცია. ამ სფეროში შეიძლება გავცვალოთ პროფესორები, სტუდენტები და გავიზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. ჩვენი უნივერსიტეტების დაკავშირება კვლევით ნაწილში იქნება მნიშვნელოვანი“- განაცხადა მარია ტერესა ლაზარომ.
 

შეხვედრაზე ელჩის ინიციატივით, საერთაშორისო მიმართულებით დაიგეგმა ფილიპინელი დიპლომატების მიერ საჯარო ლექციების გამართვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. უნივერსიტეტის რექტორმა თავად ელჩს შესთავაზა ლექციის წაკითხვა უნივერსიტეტში და  გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.


შეხვედრისას, ასევე, დაიგეგმა ქვეყნების გაცნობის მიზნით, საელჩოსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო გამოცემის მომზადება საქართველოსა და ფილიპინების რესპუბლიკაზე და გავრცელება საუნივერსიტეტო საზოგადოებაში.

თარიღი: 31/10/2023