თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა ესპანეთში გამართულ ევროპის დედაქალაქების უნივერსიტეტების ქსელის (UNICA) 36-ე გენერალურ ასამბლეასა და რექტორთა სემინარში მიიღეს მონაწილეობა.
UNICA აერთიანებს ევროპის 38 დედაქალაქის 52 უნივერსიტეტს და უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს.
საერთაშორისო ღონისძიებაზე განხილული იყო უმაღლესი განათლების სფეროსთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის, მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით აკადემიური თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შემუშავება, კვლევისა და ცოდნის გადაცემის თანამედროვე მოდელები, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ინოვაციების განვითარება და ევროპული უნივერსიტეტების ერთობლივი პოზიციების ფორმირება ახალი გამოწვევების საპასუხოდ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო აკადემიური ქსელებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებისას განხილული იყო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება, აკადემიური გაცვლითი პროგრამების გაფართოება, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლის ორგანიზება.