თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ტეხასის (აშშ) უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტის მიზანი ტეხასის უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტის გაგრძელების შესაძლებლობების განხილვაა.
ჯაბა სამუშიამ შეხვედრები გამართა ტეხასის უნივერსიტეტის პროვოსტთან, პროფესორ ინგა მუსელმანთან, ვიცე-პროვოსტთან და სადოქტორო სწავლებათა სკოლის დეკანთან, პროფესორ ხუან გონსალესთან, საერთაშორისო ინიციატივათა მიმართულების ხელმძღვანელთან, დოქტორ ჯენიფერ ჰილტომ მონტერსოთან, მენეჯმენტის სკოლის დეკანთან, პროფესორ ჰასან პირკულთან, ინჟინერიისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან, პროფესორ პორას ბალსარათან, დალასის კოლეჯის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა მიმართულების იმ აკადემიურ პერსონალთან, რომლებიც ქართველი დოქტორანტების და პოსტ-დოქტორანტურის საფეხურის მკვლევართა მენტორები არიან ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქართველი დოქტორანტების სწავლა-სწავლების, კვლევის, სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებს, აგრეთვე მობილობის პროგრამების მნიშვნელობასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებს. ვიზიტის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტის გაგრძლებასა და კიდევ უფრო გაფართოებაზე, იმ პერსპექტივებზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თსუ-ში დარგის განვითარებას.