საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის ენციკლოპედიის სარედაქციო კოლეგიამ მუშაობა დაიწყო

უნივერსიტეტის ენციკლოპედიის შექმნის მიზნით, თსუ-ში სარედაქციო კოლეგიის შეხვედრა გაიმართა. კოლეგიის წევრებმა, თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით ენციკლოპედიის კონცეფციის შემუშავებაზე, მის ფორმასა და შინაარსზე იმსჯელეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. „ვფიქრობ, უნივერსიტეტის ენციკლოპედია მნიშვნელოვანია, რადგან მომავალმა თაობამ გაიცნოს ის ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტის ისტორიას ქმნიან. ენციკლოპედიის შექმნით, გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მეოცე საუკუნეში ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა უნივერსიტეტს და ყველა სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილი სწორედ უნივერსიტეტმა შეიტანა,“- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

თავის მხრივ, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა აღნიშნეს, რომ ენციკლოპედიის შექმნის ინიციატივა მათთვის მისასალმებელია და თავიანთ სტუდენტებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან ენციკლოპედიის მომზადების პროცესში. „როგორც უნივერსიტეტის ცხოვრება გრძელდება, ისე უნდა გაგრძელდეს ეს ენციკლოპედიაც. მას არ ექნება დასრულებული სახე და დროსთან ერთად შეიქმნება კიდევ ახალი გამოცემები,“ - განაცხადა თსუ პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედიის შექმნის პროცესში ჩაერთვებიან  საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლები, უნივერსიტეტის პროფესორები, ფაკულტეტების წარმომადგენლები და სტუდენტები. რექტორმა მათ უკვე გააცნო ენციკლოპედიასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები და სთხოვა, ამ კუთხით მუშაობის დაწყება. ენციკლოპედიაზე მუშაობის პროცესში ჩართული არიან თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი და ბიბლიოთეკის თანამშრომლები.

თარიღი: 20/06/2023