თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თურქეთის საელჩოს განათლების ატაშეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთო სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავების გზები.
რექტორმა მადლობა გადაუხადა თურქეთის საელჩოსა და განათლების ატაშეს იმ მხარდაჭერისთვის, რომლის შედეგადაც თსუ-ში თურქული ენის კურსები წარმატებით ხორციელდება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თურქული ენის სწავლების გაძლიერებას, მათ შორის - პრაქტიკული კომპონენტების დამატებასა და თურქი პედაგოგების ჩართვას სასწავლო პროცესში.
ჯაბა სამუშიამ ხაზი გაუსვა ტრადიციული თურქოლოგიის მიმართულების მნიშვნელობას საქართველოში და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება თსუ-ში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო განვითარდეს. ამჟამად უნივერსიტეტში თურქულ ენას 300-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა TÜBİTAK-თან თანამშრომლობის ხელშეკრულების ფართო თემატურ სპექტრზე საერთო სამეცნიერო პროექტების განხორციელება, მათ შორის სტუდენტური და აკადემიური გაცვლის პროგრამების გაფართოება.
თსუ-ის რექტორმა მწუხარება გამოთქვა თურქეთის შეიარაღებული ძალების 20 სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო, რომლებიც თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.