თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სტუდენტების გუნდს შეხვდა, რომლებმაც ჰააგაში გამართულ ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების 46-ე საერთაშორისო რაუნდებში საუკეთესო შედეგებით იასაპარეზეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ჯამური შედეგით (განმცხადებლის წერილობითი პოზიციისა და ზეპირი გამოსვლების ქულების ერთობლიობით) მე-2 ადგილი დაიკავა. ამასთან, მოპასუხე მხარემ ზეპირი გამოსვლის კომპონენტში დაიკავა საპრიზო მე-2 ადგილი, ხოლო მოსარჩელის წერილობითმა პოზიციამ მე-3 ადგილი.
ტელდერსის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი, 1977 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს წარმოადგენს.
გუნდი დაკომპლექტდა თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ. გუნდს წარმოადგენდნენ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლისა და სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები - თათია ბიწაძე, თამარ ვარდიაშვილი, ნიკოლოზ ნურაშვილი და ნინო ახალაძე. გუნდის მწვრთნელია საერთაშორისო სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული ქეთევან ჩაფიაშვილი, რომელიც თავად არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი იმიტირებული სასამართლოს პროცესის მონაწილე და გამარჯვებულია. მომზადების პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი და საერთაშორისო სამართლის პროგრამის კურსდამთავრებულები.
წელს საერთაშორისო რაუნდებში მონაწილეობას იღებდა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების 27 გუნდი. თსუ-ს გუნდმა საერთაშორისო რაუნდებში იასპარეზა ნიდერლანდების სამეფოს, რუმინეთის, ესტონეთისა და თურქეთის გუნდების წინააღმდეგ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თსუ იურიდიული ფაკულტეტის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თამარ ზარანდია, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო სამართლის პროგრამების ხელმძღვანელი ირინე ქურდაძე, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ეკა სირაძე, ასისტენტ პროფესორი მარიამ კევლიშვილი, მოწვეული ლექტორი თამთა ზაალიშვილი.
თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია: „თქვენი წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ყველა იმ ინიციატივაში, რომელიც ემსახურება თქვენს განათლებასა და პროფესიულ განვითარებას.“
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თამარ ზარანდია: „სასიხარულოა, რომ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისაგან შემდგარმა გუნდმა დიდი წარმატებით იასპარეზა და წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა ტელდერსის სახელობის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესზე. ჩვენი სტუდენტები ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების 27 გუნდის წარმომადგენლებთან ასპარეზობდნენ სერიოზული კონკურენციის პირობებში და გუნდი ჯამური შეფასებით ჩვენი გუნდი შევიდა შეჯიბრის საუკეთესო სამეულში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. მე ვულოცავ ამ გამარჯვებას გუნდის წევრებს და ყველა ჩართულ მხარეს. გვახარებს, რომ ჩვენი განსაკუთრებული სტუდენტები საკუთარი მიღწევებით ყოველთვის გვაძლევენ სიამაყის საფუძველს”.
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო სამართლის პროგრამების ხელმძღვანელი ირინე ქურდაძე: „ტრადიციულად, ჩვენი სტუდენტები წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ იმიტირებულ შეჯიბრებებში. თუმცა, ტელდერსის შეჯიბრში წლევანდელი შედგი განსაკუთრებულია. წარმატებები, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ვაღწევთ, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა თსუ-სა და იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერა. ფასდაუდებელია საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის იმ აკადემიური, მოწვეული პერსონალისა და კურსდამთავრებულების ძალისხმევა, ვინც აქტიურად არიან ჩართული პროგრამის განხორციელებასა და გუნდის მომზადების პროცესში“.
ტელდერსის საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესში მონაწილე თსუ-ს გუნდის ხელმძღვანელი, მოწვეული ლექტორი ქეთი ჩაფიაშვილი: „იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა საერთაშორისო სამართლის ყველაზე აქტუალური საკითხების საკვლევად, ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად და პროფესიული კონტაქტების დასამყარებლად“.