თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ჰარვარდის საზაფხულო სკოლის (Harvard Summer School) ქართველ კურსდამთავრებულებს შეხვდა.
თსუ-ს სტუდენტები ჰარვარდის (აშშ) ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საზაფხულო აკადემიურ პროგრამაში სამი კვირის განმავლობაში მონაწილეობდნენ.
პროგრამის კურსდამთავრებულებმა დეტალურად ისაუბრეს, თუ რა აკადემიური და პროფესიული შესაძლებლობები შესთავაზა მათ ჰარვარდის საზაფხულო სკოლამ; ისაუბრეს როგორც სწავლების მაღალი სტანდარტების, ასევე ჰარვარდის პროფესორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროფესიული კავშირების შექმნისა და ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობებზე, რაც მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა.
ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს მიღებული ცოდნისა და ასევე გამოცდილების გაზიარებისთვის, როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, თსუ-ში მსგავსი პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება, რაც უმნიშვნელოვანესია სტუდენტების საერთაშორისო ჩართულობისა და აკადემიური ზრდისთვის.
თსუ, ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების განყოფილებასთან თანამშრომლობის ფარგლებში, აგრძელებს აპლიკანტთა წინასწარ შერჩევას, რათა სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, გახდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საზაფხულო აკადემიური პროგრამის მონაწილეები.
თსუ-ს სტუდენტებს ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობა წელს პირველად ჰქონდათ და აღმოსავლეთ ევროპიდან პირველი მონაწილეები გახდნენ, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის საქართველოს როლს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. პროექტი თსუ-ში მომავალშიც გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს უნიკალური აკადემიური და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შანსი.