საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ანთიმოზ ივერიელი-ევროპული სააზროვნო სივრცის ნაწილი“

ანთიმოზ ივერიელის შემოქმედების ფუნდამენტურ შესწავლას და მისი ჯერ უკვლევი არსებითი ნაწილების გაანალიზებასა და საზოგადოებისთვის წარდგენას ისახავდა მიზნად  თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის პროექტი „ანთიმოზ ივერიელი-ევროპული სააზროვნო სივრცის ნაწილი“. პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა   სამი წიგნი:  „ანთიმოზ ივერიელის  თხზულებები“(მეორე ტომი),  „ანთიმოზ ივერიელის რჩეული თხზულებების სამენოვანი ქართულ-რუმინულ-ინგლისური პარალელური ტექსტების კრებული“ და   „ანთიმოლოგიური შტუდიები: ტრადიცია და პერსპექტივები“. ამით პრაქტიკულად დასრულდა  ანთიმოზ ივერიელის ნაშრომთა გადმოქართულება.

პროექტის შემაჯამებელ  პრეზენტაციას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოში რუმინეთის ელჩის მოადგილე დრაგოს ისასი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, ასევე პროექტის  უცხოელი კონსულტანტები რუმინეთიდან, ბუქარესტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვიორელ ვიზურეანუ,  საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, ის, რომ საქართველო ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ევროპასთან, ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობითაც დასტურდება.  „ანთიმოზ ივერიელმა შეძლო ის, რაც წარმოუდგენელია ძალიან ბევრი სახელმწიფოსთვის. სამი საუკუნის წინ მან საქართველოსთვის გააკეთა უდიდესი რამ,  მოგვცა ქართველებს  სტამბა, რამაც განავითარა ცოდნა და მეცნიერება საქართველოში. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სრულად ემსახურება უნივერსიტეტის მისიას. კერძოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ სწავლა-სწავლების პროცესში ჩართულია კვლევითი კომპონენტი და რაც მთავარია, საზოგადოებას დაუბრუნდა ანთიმოზ ივერიელის შემოქმედება. პირველად ხდება ხელმისაწვდომი მისი ნაშრომების ქართული თარგმანი,“- აღნიშნა ნინო ოკრიბელაშვილმა.  

პროექტმა 2019 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში გამოცემული სამი წიგნი, განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ის გარდა ბიოგრაფიული ცნობებისა, ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ შეხედულებებსა და მრავალ უცნობ დეტალს შეიცავს.  „წლების წინ, ჩვენ  ერთი მონოგრაფია შევქმენით, რომელშიც  ძირითადად  ანთიმოზ ივერიელის ბიოგრაფიული შტრიხები იყო გადმოცემული. ამ პროექტმა კი შესაძლებლობა მოგვცა, რომ მისი შემოქმედება სრულად  ვაჩვენოთ საზოგადოებას. მათ შორის,   ფილოსოფიური შეხედულებები რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით და ის  დეტალები, რაც ქართველი მკითხველისთვის დღემდე იცნობი იყო,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

პროექტის ფარგლებში შექმნილ აკადემიურ გამოცემაში „ანთიმოზ ივერიელის  თხზულებები“(მეორე ტომი)  თავმოყრილია წმინდა ანთიმოზ ივერიელის თეოლოგიურ-ფილოსოფიური და თეოლოგიურ-პოლიტიკური  ხასიათის ნაშრომები, მის  მიერ შექმნილი ლოცვები და ქრისტიანული პოეზიის ნიმუშები. კრებულში წარმოდგენილი ყველა  ტექსტი პირველად ითარგმნა  ქართულ ენაზე რუმინულიდან და ბერძნულიდან.  

გამოცემაში  „ანთიმოზ ივერიელის რჩეული თხზულებების სამენოვანი ქართულ-რუმინულ-ინგლისური პარალელური ტექსტების კრებული“   ავტორის ცნობილი  „დიდაქეებიდან“ 15 ქადაგება და თხზულება „სწავლება სინანულის საიდუმლოს შესახებ“.  ტომი უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი არის ანთიმოზ ივერიელის ნააზრევის ინგლისურ ენაზე გადმოტანის პირველი მცდელობა მსოფლიოში. კრებულის რედაქტორება ინტერნაციონალური ხასიათს ატარებს; ქართული ტექსტების  რედაქტორია აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი, რუმინული ტექსტების- თეოლოგიის დოქტორი, არქიმანდრიტი მიქაელ სტანჩიუ, ხოლო ინგლისური თარგმანის სამეცნიერო რედაქტორია ოქსფორდის უნივერსიტეტის იესოს კოლეჯის დეკანი, პროფესორი მაიქლ ვიქერსი.

მესამე გამოცემა „ანთიმოლოგიური შტუდიები: ტრადიცია და პერსპექტივები“ წარმოადგენს მონოგრაფიას   ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხასითის ტექსტებისა და შემოქმედებითი გზის ფუნდამენტური კვლევის შედეგების შესახებ.  

„დიდი მადლობა უნდა გადავუხადო რუსთაველის ფონდს, რადგან ის მუდმივად ჩვენს გვერდით დგას. ეს არის მესამე პროექტი, რომელსაც რუსთაველის ფონდი აფინანსებს.  ამ სამი პროექტის ფარგლებში ჩვენ სრულად ამოვწურეთ ანთიმოზ ივერიელის თხზულებების თარგმანი, კომენტირება,“- აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, თსუ პროფესორმა ანასტასია ზაქარიაძემ.

თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის პროექტის „ანთიმოზ ივერიელი-ევროპული სააზროვნო სივრცის ნაწილი“ ფარგლებში მომზადდა თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, ასევე, შეიქმნა ანთიმის სახელობის ელექტრონული ბიბლიოთეკა.  

პროექტი განახორციელეს თსუ პროფესორებმა ანასტასია ზაქარიაძემ, ირაკლი ბრაჭულმა, ვალერიან რამიშვილმა, დემურ ჯალაღონიამ,  დოქტორანტმა  გიორგი  გრიგოლაშვილმა და დეკანოზმა ალექსი ქშუტაშვილმა.   

თარიღი: 05/03/2022