საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„განსხვავებული და იშვიათი შემთხვევები ქირურგიაში“ - საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

„განსხვავებული და იშვიათი შემთხვევები ქირურგიაში,“ ამ თემაზე კონფერენციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ქირურგთა საერთაშორისო კლინიკურ კონფერენციაზე განიხილებოდა ის იშვიათი შემთხვევები, რომელიც ამ მიმართულებით თანამედროვე მედიცინაში გვხვდება.
 

„მომავალი ექიმების სწავლა-სწავლების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და გზა არის ის, რომ გავიაზროთ და ვნახოთ თუ რა განსაკუთრებული და სრულიად უნიკალური შემთხვევები შეიძლება არსებობდეს სამედიცინო სპეციალობებში. დღევანდელი შეხვედრა საფუძველს უყრის რამდენიმე მიმართულებით აქტივობას: პირველი ის, რომ ინფორმაციის გაცვლა ხდება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, მეორე - მყარდება ახალი ურთიერთობები და რაც მთავარია, ჩნდება გზები მომავალი კვლევითი საქმიანობისთვის,“ - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.
 

ქირურგთა საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია, რომელშიც ქართველ ქირურგებთან ერთად 10 ქვეყნის წამყვანი უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ, საშუალებას მისცემს  ქირურგებს, მომიჯნავე დარგის სპეციალისტებს და განსაკუთრებით რეზიდენტებს, დოქტორანტებსა და სტუდენტებს გაეცნონ დარგის სიახლეებს და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
 

განსახორციელებელ პროგრამებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა თსუ პროფესორმა, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ კილაძემ. მისი თქმით, კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა მედიცინის სფეროში; ის გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა უცხოელ კოლეგებთან, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქირურგებისთვის. 
 

კონფერენციის ფარგლებში მომზადდა და დაიბეჭდა წიგნი ,,იშვიათი შემთხვევები“ („Exceptional and Rare Cases in Surgery”), რომლის მთავარი რედაქტორი და წარმდგენი იყო თსუ პროფესორი მერაბ კილაძე.  „წიგნში თავმოყრილია 115 იშვიათი შემთხვევა ქირურგიაში თავისი ილუსტრაციებით, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ჩვენი ახალგაზრდა ქირურგების, განსაკუთრებით რეზიდენტების, დოქტორანტების კვალიფიკაციის და მოზადების დონეს. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ საერთო პროექტებზე, ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე,“- აღნიშნა მერაბ კილაძემ. მისი თქმით, უკვე შერჩეულია 2 ქართველი დოქტორანტი. ისინი მომავალი წლიდან გაემგზავრებიან მსოფლიოს ორ გამორჩეულ, წამყვან კლინიკაში: ვენის (ავსტრია) კლინიკურ ჰოსპიტალში და ისრაელის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.
 

,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეხვედრა, განვიხილავთ საინტერესო საკითხებს, გვაქვს დისკუსია იშვიათ შემთხვევებთან დაკავშირებით ქირურგიაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციაა,“- განაცხადა ბერლინის ,,ჰელიოს“ კლინიკის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელმა პროფესორმა მარტინ შტრიკმა.
 

ქირურგიის დარგში შეტანილი წვლილისათვის ისრაელის ონკოლოგიური ქირურგიის ცენტრის წარმომადგენელმა მერაბ კილაძე სპეციალური სერტიფიკატით დააჯილდოვა.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა პლენარული სესიები ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგიის, ქირურგიული ონკოლოგიის, ტრანსპლანტაციის, ინტერვენციული რადიოლოგიის და უროლოგიის სექციებში. კონფერენციაში მონაწილე დელეგატებს გადაეცათ 5 ECTC (ევროპული კრედიტი) და სერტიფიკატი.


ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი, საქართველოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაცია და საქართველოს ექიმთა ასოციაცია.

 

თარიღი: 17/10/2022