საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ევროკავშირის ურთიერთობები მის აღმოსავლეთში არსებულ მეზობლებთან"

2001-2021 წლებში ევროკავშირსა და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან მოვლენებსა და რეგიონულ პროცესებს შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) სამხრეთ კავკასიაში რეგიონული წარმომადგენლობის ერთობლივი პუბლიკაცია „ევროკავშირის ურთიერთობები მის აღმოსავლეთში არსებულ მეზობლებთან ევროკავშირის საპრეზიდენტო პროგრამების  ფარგლებში 2001-2021“.

 

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე,   დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები,  სტუდენტები დაესწრნენ.

 

„ეს არის ძალიან საინტერესო გამოცემა. მისი პირველი ნაწილი ეხებოდა იმ 7 ნაბიჯს, რომელიც უნდა გადავდგათ, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუ როგორია გადაწყვეტილების მექანიზმი. მუშაობა გრძელდება, მზადდება წიგნის აფხაზური ვერსია და კარგია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება. იმედია, რომ ბევრი მკითხველისთვის, სტუდენტისთვის ეს წიგნი გახდება სამაგიდო წიგნი“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) სამხრეთ კავკასიაში რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იოსებ ნანობაშვილის თქმით, კვლევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები.


„ეს არის პირველი ერთობლივი კვლევა და მიხარია,ბ რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვაქვს პრეზენტაცია. თსუ, როგორც ჩვენი წარმომადგენელი და სამეცნიერო საბჭოს წევრი აქტიურად გვეხმარება, როგორც კვლევის, ისე ევროკავშირის საკითხების პოპულარიზაციაში,“- განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

 

„მსგავსი კვლევები, განათლების და ინფორმაციის გავრცელება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მხარდამჭერები და პარტნიორები ვართ, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდება,“- აღნიშნა რუმინეთის კონსულმა საქართველოში მარიუს პანდერამ.  

 

კვლევის „ევროკავშირის ურთიერთობები მის აღმოსავლეთში არსებულ მეზობლებთან ევროკავშირის საპრეზიდენტო პროგრამების  ფარგლებში 2001-2021“  -  ძირითად აქცენტს წარმოადგენს ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეობების სამოქმედო გეგმის მნიშვნელობა, რადგან მათი საშუალებით განისაზღვრება ევროკავშირის პრიორიტეტები და სამომავლოდ განსახორციელებელი ქმედებები. კვლევის საყრდენ მეთოდს წარმოადგენს 40 სამოქმედო გეგმიდან გაანალიზებული დებულებების კონსესუსი, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან ურთიერთობას ასახავს. კვლევის ანალიზის მიხედვით, აღნიშნული სამოქმედო გეგმა გავლენას ახდენს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან დაახლოებაზე. გარდა ვითარების ანალიზისა, ნაშრომი მოიცავს რეკომენდაციებსა და დასკვნებს, რომელთა გათვალისწინებაც მეტად შეუწყობს ხელს კვლევის მიზნის განხორციელებას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

 

საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის  რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის, EPLO-ს და თსუ-ს ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე გაიხსნა და   ევროპულ ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციის ხელშემწყობი საგანმანათლებლო-კვლევითი კომპონენტის შექმნას ისახავს მიზნად. რეგიონული წარმომადგენლობა არის  ერთგვარი ფორმატი, სადაც ევროპელი ექსპერტების, მეცნიერების და პრაქტიკოსების ჩართულობით განხორცილდება კვლევები, ტრენინგები, შეიქმნება  საგანამანათლებლო პროგრამები, მათ შორის საჯარო სამსახურებისთვის იმ საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ევროინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.  სამუშაო პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მეცნიერები, მკვლევრები და პრაქტიკოსები.

 

EPLO-ს წარმომადგენლობა ასევე ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე პროფესიული და კვალიფიციური საჯარო დისკუსიების, ლექციების, სემინარების წარმართვას, რაც მიმართული იქნება ანტიევროპული პროპაგანდისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის  წინააღმდეგ. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში.

 

საქართველო EPLO-ში 2010 წელს გაწევრიანდა, 2020 წლის 13 აგვისტოს კი ამოქმედდა შეთანხმება რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნებოდა საქართველოში ევროპული ფასეულობების განმტკიცების, ევროპის საჯარო სამართლის პრინციპების და საჯარო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად.

თარიღი: 12/04/2022