ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ და პროგრამის ხელმძღვანელებმა მიულოცეს.
თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და ცენტრის განვითარებაზე ისაუბრა. რექტორმა მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა სტუდენტებს კარიერული განვითარების მიმართულებით.
16 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი ისწავლის.
2024 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა ახალი პროფესიული პროგრამები შესთავაზა პროფესიის შესწავლის მსურველებს, თბილისში 2 და ქუთაისში 4 ახალი პროგრამა. ამჯერად თბილისსა და ქუთაისში ცენტრმა სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, საექთნო განათლება, Front end დეველოპმენტი, ტვირთების ექსპედირება, საწყობის ოპერირება.
2024 წლის მიღებაზე 2000-ზე მეტი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული. 400-მდე სტუდენტს შორის არიან სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ.
თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება.