საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოხუმის დაცემის დღე - შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი როცა დაარსდა, დაახლოებით 105 წლის წინ, პირველი განკარგულება სწორედ ივანე ჯავახიშვილმა გასცა. ეს იყო აფხაზური ცენტრის დაარსება, რომელიც აფხაზური და შემდეგ ოსური ენების შესწავლაზე იზრუნებდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ იყო მაშინ მხოლოდ უნივერსიტეტი. ეს იყო მაშინ ერთადერთი ევროპული ინსტიტუცია, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში. ჩვენ დღესაც ვალდებული ვართ ვიზრუნოთ აფხაზეთზე, აფხაზ ერზე. განათლება არის მთავარი შესაძლებლობა და საშუალება. ჩვენი მომავალი გადის ევროპაზე“, - ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ორბელიანების სასახლეში საქართველოს  პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

 

პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გაიმართა, სადაც საუბარი იყო იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომელიც მეგობრული ურთიერთობის აღდგენისთვის უნდა გადაიდგას. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომელიც დღეს ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით არის და გაიხსენეს ომში დაღუპული გმირები.

 

როგორც თსუ რექტორმა აღნიშნა, აფხაზურ კულტურას ექმნება ძალიან დიდი საფრთხე და მისი გადარჩენა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენით არის შესაძლებელი. „დღეს დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ აღვადგინოთ ნდობა. ყველა, ეროვნული ინსტიტუცია, არასამთავრებო ორგანიზაციები, უნდა იყოს ჩართული ურთიერთობის აღდგენაში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ნდობის აღდგენაში ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები“, - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ თსუ მეცნიერები აქტიურად მუშაობენ აფხაზური ენის და კულტურის მიმართულებით, აქტიურად მუშაობს თსუ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, აფხაზურ ენაზე ინტერნეტ-რადიო და სტუდენტური ტელევიზია.

ღონისძიებას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, მკვლევრები და ხელოვანები ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.





 

თარიღი: 29/09/2022