საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მემორიალის „მსოფლიო სავაჭრო ცენტრის არტეფაქტი“ წარდგენა  და ტერორისტული აქტების ამსხველი ფოტოგამოფენა

2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მემორიალი „მსოფლიო სავაჭრო ცენტრის არტეფაქტი“ და ტერორისტული აქტების ამსხველი ფოტოები გამოიფინა. სკულპტურის მესაკუთრეები ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები პოლ როძიანკო და ჩონსი როძიანკო არიან. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე,  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ ელჩის მოადგილე რაიან ჰარისი, მემორიალის მფლობელები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და თსუ-ის მხარდაჭერით გაიმართა.

„ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია თანამედროვე მსოფლიოში, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა. მათ შორის, დამოკიდებულებები, ურთიერთობები, გააზრება იმისა, თუ როგორი მყიფეა დღევანდელი სამყარო და რომ გლობალური გამოწვევები საჭიროებს გლობალურ პასუხს, რაშიც ბევრი აქტორი უნდა იყოს ჩართული. 20 წლის წინაც საქართველო ძალიან აქტიურად გამოეხმაურა ამ ტრაგედიას. აღსანიშნავია ჩვენი მონაწილეობა პარტნიორებთან ერთად ავღანეთის და სხვა ოპერაციებში. დღესაც, 20 წლის შემდეგ მსოფლიო არ გახდა უფრო დაცული, მეტმა გამოწვევამ იჩინა თავი და საჭიროა, რომ ყველანი დავდგეთ ერთად, რათა შევაჩეროთ მსგავსი პროცესების გამეორება. გამოფენის დათვალიერება მსურველს ჩვენს უნივერსიტეტში 2 თვის განმავლობაში შეეძლება,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხები ტერორიზმთან ბრძოლაში ყოველთვის იდგნენ ერთად და ამ სფეროში ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება: „20 წელი გავიდა 11 სექტემბრის უმძიმესი ტრაგედიიდან. ამ დღემ მსოფლიო შეცვალა. ტერორიზმს არ აქვს საზღვრები, ის საფრთხეა ყველასთვის. სწორედ ამიტომ, მის წინააღმდეგ მთელი სამყარო უნდა იყოს ერთიანი. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ 11 სექტემბრის ტერორიზმის მსხვერპლებს, რომლებიც ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდებიან და ვიმედოვნებთ, რომ ახალი თაობები არასოდეს დაუშვებენ მსგავსი ტრაგედიის განმეორებას,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

„ეს მემორიალი გამოიფინება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტშიც, მათ შორის რეგიონულ უნივერსიტეტებში და ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, რომ მემორიალი და შესაბამისი ფოტოგამოფენა იხილოს. რათა ყველას ახსოვდეს ამ ტრაგედიების შესახებ, რომ ტერორისტული აქტები არასოდეს განმეორდეს,“- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მემორიალი, რომელიც მფლობელების გადაწყვეტილებით, პირველად არის წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე, წარმოადგენს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი კოშკის ფოლადის საყრდენს. რელიქვია ნიუ-იორკში არის შეძენილი და მასზე მწარმოებლის სახელი და ინვენტარის ნომერიც არის დატანილი (Laclede Steel,  სენტ-ლუისის ფოლადის წამყვანი მწარმოებელი). მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილის ნანგრევებისგან გაწმენდის შემდეგ, ორი კოშკის ნაკვალევზე მემორიალი და მუზეუმი გაიხსნა. განადგურებული შენობების გადარჩენილი ნაწილები კი გაიყიდა ან მოქალაქებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

აშშ ელჩის მოადგილის რაიან ჰარისის თქმით, ტერორისტული შემთხვევების საშიშროება არ გამქრალა და ტერორიზმი  ყველაზე დღესაც ახდენს ზეგავლენას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.

„საქართველო სოლიდარულია იმ ტრაგედიისა,რაც ოცი წლის წინ ნიუ-იორკში მოხდა. გასულ წელს, როდესაც საქართველოში ჩამოვედით, გაჩნდა იდეა რომ მეტალისთვის სკულპტურის სახე მიგვეცა. ჩვენთვის ეს ძალიან ძვირფასი ნივთია, რომელიც გვახსენებს იმ საშინელ დღეს.  ასე ვაქციეთ ქართველ ხალხთან ერთად ეს ნივთი სკულპტურად,“- აღნიშნა სკულპტურის მესაკუთრემ პოლ როძიანკომ.

2001 წლის 11 სექტემბერს ისლამისტმა ტერორისტებმა თავდასხმების სერია განახორციელეს აშშ-ს ტერიტორიაზე. 19 ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი, ორი თვითმფრინავი გამიზნულად შეაჯახეს  ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა თვითმფრინავის ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია) ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. ამ თავდასხმების შედეგად დაიღუპა 3000 -ზე მეტი ადამიანი 62 ქვეყნიდან.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წლის შემდეგაც ეს ტერაქტები ყველაზე საშინელ ტრაგედიად რჩება თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში.

თარიღი: 16/09/2021