საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა II“

ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა II“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ დიასპორათა სამეცნიერო კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
 

წლევანდელი კონფერენცია თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცენატის, ბიზნესმენის, დოქტორ სიმონ ზაზაძის ხსოვნას, მის ღვაწლს მიეძღვნა, რომელიც გასწია სიმონ ზაზაძემ დედასამშობლოს წინაშე. ზაზაძეთა ოჯახი სათავეში უდგას სტამბოლის ქართული კათოლიკური სავანის ფონდს, მეთვალყურეობენ ეკლესიას, არქივს, ბიბლიოთეკას.
 

„კონფერენცია მრავალპროფილურია, თემატურად ძალიან საინტერესო მოხსენებებია წარმოდგენილი და ჩვენი მიზანი, გარდა სამეცნიერო კვლევისა, არის ინტეგრაცია ქართულ დიასპორებთან, მათი კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერება ისტორიულ სამშობლოსთან. ამ მიმართულებით ჩვენს თანაპარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია ტარდება თბილისში. ჩამოვიდნენ სტუმრები დიასპორული ორგანიზაციებიდან: თურქეთიდან, ირანიდან, ისტორიული ჰერეთიდან და ვფიქრობ, ეს ჩვენი კონსოლიდაცია მნიშვნელოვანი იქნება, ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის,“ - აღნიშნა თსუ პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა
 

ღონისძიება საკმაოდ მასშტაბურია. მასში მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოსა და თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან. ღონისძიებაზე ასევე განიხილავენ ქართული კათოლიციზმის ისტორიას, ისტორიულ ქართულ დიასპორათა (თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში) ყოფას, კულტურას, ენობრივ ვითარებას. 
 

„კონფერენციაზე მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა იყვნენ ისტორიულ თუ უკვე თანამედროვე ეპოქაში უცხოეთში წასული ჩვენი ქვეყნის შვილები, დიასპორები მუდმივ და მყარ კავშირში საქართველოსთან, დედა სამშობლოსთან. ეს გვაწუხებს ჩვენც კულტურის სამინისტროს, ვინაიდან აქ არის უამრავი მიმართულება: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ლიტერატურის, თეატრის, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა მიმართულებები, სადაც დიასპორებთან ურთიერთობა ჩვენთვის არის სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი. ამიტომ, კონფერენციის შედეგად ველოდებით ახალ იდეებს, რომელიც წარმოიშობა დებატებში, დისკუსიებში და იმედი მაქვს, რომ ეს კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ასევე ახალ თანამშრომლობით პროექტებსაც,“ - განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.   
 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული კონფერენციის ორგანიზატორია თსუ-ში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა სამეცნიერო კვლევის ცენტრი. კონფერენციის თანაორგანიზატორები: რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.
 

თსუ ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრის შესწავლის არეალია საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებს მიღმა მცხოვრები მკვიდრი, ავტოქტონი ქართველები, ისტორიული დიასპორები, და პირველი რესპუბლიკის შემდგომი ხანის ემიგრაციის ლოკალური წერტილები ევროპასა და აშშ-ში. 


 


 

თარიღი: 11/10/2022