ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში კვლავ ლიდერობენ. 2021 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტებიდან ყველაზე მეტი - 14 პროექტი, რაც გამარჯვებული პროექტების 26 პროცენტია, თსუ ახალგაზრდა მეცნიერებს ეკუთვნით.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნას ყველა სამეცნიერო მიმართულებაში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი თსუ ახალგაზრდა მეცნიერებს წინა კონკურსთან შედარებით წელს 2 პროექტით მეტს დაუფინანსებს.