საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გრანადის უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის საერთაშორისო მობილობის ფარგლებში გრანადის (ესპანეთი) უნივერსიტეტს ეწვივნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძისა და გრანადის უნივერსიტეტის რექტორის მარია პილარ არანდა რამირესის შეხვედრის დროს საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მათ შორის, თსუ-ს პროგამების საერთაშორისო აკრედიტაციაში გრანადის უნივერსიტეტის თანამშროლების მონაწილეობას, თსუ-ში ესპანური ენისა და ლიტერატურის სწავლებისთვის სპეციალისტის მოწვევას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას, საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციას, ინსტიტუციური განვითარების პროექტების შემუშავების შესაძლებლობებს და სხვა მრავალი მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
ვიზიტის ფარგლებში თსუ ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის ესპანური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი მარინე კობეშავიძე გრანადის უნივერსიტეტის ესპანური ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ანტონიო მანხონ-კაბესას და ესპანური დეპარტამენტის პროფესორ ესტებან მონტორო დელ არკოს შეხვდა. თსუ-სა და გრანადის უნივერსიტეტის პროფესორებმა ერთმანეთს გაუზიარეს ესპანურის სწავლა-სწავლების კუთხით საკუთარი გამოცდილება, დაიგეგმა სამომავლო გაცვლითი პროგრამების შემუშავების პერსპექტივები. კერძოდ, ესპანურენოვანი პედაგოგების საქართველოში ჩამოსვლა, ასევე, თსუ-ის ესპანური ფილოლოგიის სტუდენტების გრანადის უნივერსიტეტში სხვადასხვა საფეხურზე სწავლის შესაძლებლობა.
სამუშაო შეხვედრა ასევე გაიმართა თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ირინე ქურდაძესა და გრანადის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორებს ლუის მარტინეზს და კარმელა ბერნარდეზს შორის. საუბარი შეეხო საერთაშორისო სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთთავსებადობასა და შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს.
აღსანიშნავია, რომ ერასმუს+ დღეისათვის უმაღლესი განათლების საერთაშორისო სტანდარტების გაცნობისა და დანერგვის ერთადერთი შესაძლებლობაა, რომლითაც, მსოფლიო პანდემიის პირობებში აქტიურად სარგებლობს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი. ევროკავშირის ამ პროგრამის ფარგლებში ეს იყო თსუ-ის ადმინისტრაციის მე-5 ვიზიტი ევროპულ უნივერსიტეტში.

თარიღი: 05/08/2021